„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა თანამდებობაზე დანიშნა.
ეროვნული ბანკის გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. ის 2022 წლის ივნისიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
„წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი, მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა ევროპის რეგიონში ცენტრალური ბანკების მმართველებს შორის ნათია თურნავა ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.
Global Finance-ის რედაქტორები მსოფლიოს წამყვან ცენტრალურ ბანკირებს ლათინური ანბანის გამოყენებით, A-დან – F-მდე სკალით აფასებენ, სადაც A+ არის ყველაზე მაღალი, F კი ყველაზე დაბალი ქულა. გამოცემა აფასებს 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე ცენტრალური ბანკების მმართველების მიერ გაწეულ საქმიანობას.
ამ შეფასებების მიხედვით რეიტინგში ყველაზე ბოლო ადგილზე D ქულით იმ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ახლა კი პრეზიდენტი ნათია თურნავა მოხვდა. შედარებისთვის, ნათია თურნავას წინამორბედს, კობა გვენეტაძეს Global Finance წლების მანძილზე, 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, A- ქულით აფასებდა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე თურნავას დანიშვნა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მოხდა, თუმცა „ეს იყო მისი ყველაზე მცირე პრობლემა, რადგან ის და ეროვნული ბანკი საქართველოში უფრო მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩაებნენ“.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ucha-abashidze-da-qhav-750x375-phvmw1-300x150.jpeg)