„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა საკუთარ წარმატებულ კარიერაზე და გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც მას შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ.
ამ საკითხს ის მაშინ შეეხო, როცა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებაზე დაიწყო საუბარი.
„იმ ახალგაზრდას, რომელსაც თავში უდებენ, რომ ეს ვიღაცა „უმაქნისია“, „მარტო ბურთს აგორავებდა“, „დასვეს“, „ცხენია“ და ეს არის, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთული გზა გავიარე და ამის მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია, მედიისთვის, სოციალური ქსელებისთვის თუ იმ დეზინფორმაციის, რომელსაც წარმოაჩენენ. მე რომ შევუერთდე მათ შეფასებებს, მეც შემეზიზღებოდა ეს პრეზიდენტი, თუ ამ რწმენით ვარ, რომ ეს კაცი მართლა ასეთია, გაუნათლებელი, „ვიღაცა ხეპრე მოვიდა“, აგერ „ბიძინა ივანიშვილის ცხენი“, „დასვეს აგერ“, „არც არაფერს ეკითხებიან“…
[ამ საუბრით] მე საშუალება მომეცა ამეხსნა, ჩვენ რატომ გვინდა მედია… რომ მე ვიცოდე შენზე სინამდვილე… მედიის ვალია, რომ სიმართლე ისაუბროს…“ – თქვა ყაველაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები „დაფინანსებულები“ არიან.
მან გაიხსენა, რომ ბოლნისში დაიბადა და 12 წლის ასაკში „გამოჩნდა ადამიანი“, რომელმაც მისი მშობლები დაარწმუნა, რომ თბილისში გადაეყვანათ სპორტში წარმატებული კარიერის შესაქმნელად:
„ეს ძალიან რთული გზა [გავიარე]. 17 წელი პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. ფეხბურთი. განათლების თემა ყველა სფეროში არის. ცოდნის გარეშე, განვითარების გარეშე, ბარიერებისა და სიძნელეების გარეშე [არ არის]… ჩვენ ვიყავით ის თაობა, რომელიც პირველად [წავიდა]. საქართველო არ იცოდნენ და არამარტო ფეხბურთელები წავედით, ამ ქვეყნის ელჩები ვიყავით, ვაცნობდით – ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ. მაშინ გვეძახდნენ რუსებს და ვიყავით გაღიზიანებულები, ვუმტკიცებდით, რომ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ…
ძალიან რთული გზა გავიარე მე, მაგრამ ფეხბურთელობის შემდეგ 10 წელი მე პარლამენტში ვიყავი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. სპორტი რომ ქილიკის საგანი იყოს, არც კომიტეტი ექნებოდა – სპორტის როლი და მნიშვნელობა იმდენად დიდია თავად ევროკავშირში, რომ სოფლის მეურნეობასაც უსწრებს ეკონომიკის წილში რიგ ქვეყნებში…“
მისი თქმით, იმ დროს რომ ყოფილიყო ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ახლა არსებობს ონლაინ სწავლების სახით, დროს გამოიყენებდა „ცოდნასთან საზიარებლად“.
„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა 2024 წლის 27 ნოემბერს დაასახელა. ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო 2016 წლიდან.
ყაველაშვილის მიმართ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა რაც გაჟღერდა მის განათლებას შეეხებოდა. მას უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს. სწორედ ამ მიზეზით 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.
გასული წლის 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
ფორუმი
