მიხეილ ყაველაშვილმა, 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, “უცხო სპეცსამსახურების დავალებით მართული” უწოდა 4 ოქტომბერს თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს, რის გამოც უკვე დააკავეს ორგანიზატორები, მათ შორის – ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე.
უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის არჩეულმა პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს მოუწოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც ხალხს დამხობისა და ძალადობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები და ამას თვალყურს ადევნებდა ჩვენი საზოგადოება – თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემო არსებული ღობე და ის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც ყოველ დღე ვხედავთ უამრავ მოქალაქეს და ტურისტს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით და ნახა საზოგადოებამ, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი და ეს არავის უნდა ეპატიოს. უცხო სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ყაველაშვილმა. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ.
ყაველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში აქციის მონაწილეების შეჭრისას, მას შენობა არ დაუტოვებია; ხოლო შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელი არ უნდა გამჟღავნდეს – უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
radiotavisupleba.ge
