ყაველაშვილი შეწყალების თხოვნასა და არჩევნებში მოანწილეობას ითხოვს

ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ თუ დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები მას შეწყალების თხოვნით მიმართავენ და ამავე განცხადებაში დაადასტურებენ მათ სურვილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ის მათ შეიწყალებს.
ამავე განცახდებაში, “ოცნების” მიერ დასმული პრეზიდენტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღოს და მათ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეძლონ.
“როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე.
ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს”, – წერია განცხადებაში.