განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა.
თქვენ იყავით და კვლავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით.
ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა.
პატრიარქის საქართველო – ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში.
თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება – სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს.
თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო.