მოკლედ
· ქართული ოცნების პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ოლიმპიადის გახსნაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.
· ყაველაშვილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართულ მიღებაზე შეხვდა ჯეი დი ვენსს და მარკო რუბიოს. მასთან ერთად ამ მიღებაზე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.
· ყველაშვილის თქმით, შეხვედრა ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან “თბილი” იყო, რაც მისი განმარტებით “ღირებულებათა ნაწილში” თანხვედრამ განაპირობა.
· მიღება, რომელზეც ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, 6 თებერვალს გაიმართა.
“ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიურად, როგორც ამ თბილი შეხვედრის შემდეგ იყო შთაბეჭდილებები ერთმანეთის მიმართ” – უთხრა 7 თებერვალს ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.
შეხვედრიდან მან გამოყო ჯეი დი ვენსი, რომელმაც მისივე თქმით, “კარგი სიტყვები არ დაიშურა” და ილია მეორეც ახსენა ყაველაშვილთან საუბრისას.
“იცით, რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ჩვენი ქვეყანა, ეროვნულ ინტერესებს, ოჯახურ ღირებულებებზე, სხვათაშორის, აღნიშნა ქრისტიანული, ისტორიული ჩვენი ქვეყნის ესეთი დამოკიდებულება იცოდა ვიცეპრეზიდენტმა და კარგი სიტყვები არ დაიშურა, ჩვენი პატრიარქიც ახსენა, სხვათაშორის და ასეთი თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა” -თქვა ყაველაშვილმა.
მისი განცხადებების ფონია აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან შეწყვეტილი სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც ქართული ოცნების მთავრობის ბოლო წლების პოლიტიკით არის განპირობებული და მცდელობები ამ გაწყვეტილი ურთიერთობების განახლების. ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “სუფთა ფურცლიდან” ურთიერთობების დასაწყებად მზად არიან.




