ყაველაშვილის არჩევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლარიზაციის შემცირებაში – კობახიძე

პრემიერ-მინისტრი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ამტკიცებს, რომ ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში.
დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია.
„მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ს არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში. ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია, პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნის და საზოგადოების გაერთიანებაზე. ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი, ამისთვის სისტემატურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და ღირსება. მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე “, – განაცხადა კობახიძემ.