ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, დაკავებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
გამოძიების თანახმად, 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი იყო.
„ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა. აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულია ილია ღუდუშაურის ძმა, ვლადიმერ ღუდუშაურიც, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ბრალდებულია თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეში და გირაოთი არის გათავისუფლებული.




