ჟურნალისტი, ვახო სანაია:
პასუხი საქართველოს მესამე პრეზიდენტს – ბატონ მიხეილ სააკაშვილს
ჩემდამი მოძღვნილ თქვენს სტატუსზე დიდი პოლიტიკური შეცდომა ძნელად წარმომიდგენია. ,,ესენი ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და რომ მოვლენ, მერე რას იზამენ” – ესაა ამ სტატუსის ეფექტი ჩვენს მოქალაქეებში. ამ შინაარსის ბევრი წერილი უკვე მივიღე, ამ წერილების ავტორები ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგები არიან. ეს სტატუსი რომ ივანიშვილის საწინააღმდეგოდ არ მუშაობს, დღესავით ნათელია და ვწუხვარ თქვენი ამ შეცდომის გამო. როგორ რეაგირებს პოლიტიკოსი კრიტიკაზე – ეს გადამწყვეტი საზომია. ორმაგად მაღალი საზომია ხელისუფლებაში ნამყოფი პოლიტიკოსისთვის, რომელმაც კრიტიკის მიმღებლობის ნაწილში მძიმე გამოცდილება დატოვა. როცა ბერკეტი გქონდათ, ჩვენს საზოგადოებას ახსოვს, რა ემართებოდა კრიტიკას საქართველოში. ჭრილობის კიდევ უფრო გახსნა, რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ ცოცხალია, არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. ამ სტატუსით ტოვებთ განცდას, რომელიც პერსონალურად თქვენ წინააღმდეგ, თქვენი დაფუძნებული პარტიის წინააღმდეგ მუშაობს და არა მხოლოდ. სხვებსაც კი უქმნის პრობლემას. თუ თქვენ იმ ,,დემოკრატიას” ჰპირდებით ხალხს, რაც წასულში გქონდათ, გარწმუნებთ, ღრმად ცდებით, რადგან ეს არ იმუშავებს ივანიშვილის შეცვლის გზაზე დადებითად. რაც შეეხება ხელისუფლების დათმობას, მას ხელისუფლებები კი არ თმობენ, არამედ ხალხი ათმობინებს. ნუ დააყვედრით ხალხს, რომ წაგება აღიარეთ. სხვა გზა ქვეყნის დანგრევა იქნებოდა, რადგან ხალხი ვერ შეეგუებოდა იმას, რომ არ გეღიარებინათ. არ მიმაჩნია, რომ პროდასავლელი ლიდერი ამ გზას აირჩევდით და არც აგირჩევიათ, რადგან თქვენთვისაც პერსონალურად და ქვეყნისთვისაც ძალიან მძიმე შედეგს მოიტანდა. ავტორიტარიზმზე გადაცემაში ცოტა სხვა კონტექსტში იყო საუბარი – დიახ, ავტორიტარებიც მიდიან არჩევნებით, ძნელად, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე ხანდახან, მაგრამ იმის თქმა, რომ რადგან დამარცხება აღიარეთ, თქვენი მმართველობისას დემოკრატია იყო ქვეყანაში, მცდარი მოსაზრებაა. სამწუხაროდ, არ იყო დემოკრატია, რამაც რუს ოლიგარქ ივანიშვილს გაუადვილა საქმე. მე კრიტიკისთვის ყოველთვის მზადა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ჩემი სიტყვების სისწორეში. თქვენმა ამ სტატუსმა ეს რწმენა კიდევ ერთხელ დამიდასტურა. როგორც აღვნიშნე, კრიტიკისთვის მზადა ვარ და იმავეს გისურვებთ თქვენც. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და თავისუფლებას. თქვენი თავისუფლებისთვის ჩემს წილ ძალისხმევას არ დავიშურებ, ისევე, როგორც თქვენი გაკრიტიკებისთვის, როცა ამის საჭიროებას დავინახავ. პატივისცემით, ვახო სანაია. ●
ვწუხვარ, რომ ამ სიტყვების დაწერა მომიწევს, რადგან ეს დისკუსია სარგებელს ვერ მოუტანს ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის ერთიან ბრძოლას.