დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრ ჯესიკა მორდენის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა BBC-ის რეპორტაჟში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში დემონსტრაციების დასაშლელად ბრომბენზილ ციანიდი გამოიყებეს, პასუხობს. მას მიაჩნია, რომ „სავარაუდო დარღვევა სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული“.
„ღრმად შეშფოთებული ვიყავი BBC-ის რეპორტაჟით, რომელშიც იყო ვარაუდი, რომ საქართველოს პოლიციამ 2024 წლის ბოლოს თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა და ჩვენ ველით, რომ საქართველო შეასრულებს ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, რათა უზრუნველყოს, რომ კონვენციით ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების აკრძალვების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევა სათანადოდ იქნეს გამოძიებული“, – წერს სტივ დაუთი ჯესიკა მორდენს.
რამდენიმე დღის წინ ამავე საკთხზე დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრმა, ლორდი ჯორჯ ფოულკსმა ბრიტანეთის მთავრობას კითხვა დაუსვა.
„ვეკითხები მთავრობას, გეგმავს თუ არა სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის (ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციების საფუძველზე) იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა“, – წერია შეკითხვაში.
3 დეკემბერს გაგზავნილ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბრიტანეთის მთავრობას ორი კვირა აქვს, 17 დეკემბრამდე.
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების დამატებაზე, 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და მედიამ კითხვები აქციების დაშლის პირველივე დღეებში დასვეს. 2024 წლის 30 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ „წყლის ჭავლში, შესაძლოა, რაღაც იყო გარეული“, თუმცა ერთი წლის განმავლობაში შსს-ს არაფერი უთქვამს, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გარეული წყალში.
თუმცა ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის გამოძიებით.
· BBC-ის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:
· „ქიმიური სითხე UN 1710 “ – BBC-ის განმარტებით, ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), – „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის;
· „ქიმიური ფხვნილი UN 3439 “ – ქოლგა ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას მოიცავს, თუმცა დემონსტრანტების სიმპტომების გათვალისწინებით, BBC-ს ექსპერტები ეუბნებიან, რომ ეს არის ბრომობენზილ ციანიდი , იგივე „ კამიტი“ .
· გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ეს ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.
· ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „კამიტი“ დამოუკიდებლად არ იხსნება წყალში ისე, როგორც, მაგალითად, შაქარი, მისი წყალში შერევა და ჭავლით გაფრქვევა შესაძლებელია. დამატებით, შესაძლებელია ემულსიის მისაღებად ორგანული გამხსნელის, მაგალითად, TCE-ის დამატება, – BBC-ის ცნობით, სწორედ ეს გამხსნელია ინვენტარში ნახსენები.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:
· „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
· „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რადგან ე.წ. „კამიტის“ და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია“.
მისივე თქმით, გამოძიება გაგრძელდება „ყველაზე მნიშვნელოვან“ ნაწილზე – „კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მიმართულებით. სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე გამოჰკითხეს BBC-ს რესპონდენტები.
ფორუმი




