ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეგვიწყდეს ვიზალიბერალიზაცია – ზვიად ჭუმბურიძე პაველ ჰერჩინსკის წერილობით მიმართავს

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეგვიწყდეს ვიზალიბერალიზაცია“, – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „360 გრადუსი“ ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით მკაცრი ნაბიჯების გადადგმა სურს, ახლა პერსონალური სანქციები ბევრად შედეგიანი იქნება, ვიდრე უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
„ღმერთმა დაგვიფაროს, არ ვისურვებ ამას. 16 დეკემბერს არის სწორედ ამ საკითხის განხილვა და იქნებ გადავრჩეთ და არ შეგვიწყდეს ვიზალიბერალიზაცია. მე ვაპირებ, რომ კიდევ ერთხელ მივმართო ბატონ ჰერჩინსკის. ეს იქნება წერილობითი მიმართვა, ჩემი, როგორც დიპლომატის და ასევე საბჭოს გენერალური მდივნის, რომ კიდევ ერთხელ გაიარონ ეს მნიშვნელოვანი საკითხი. თუ უნდათ რაიმე განსაკუთრებული, მათ შეუძლიათ დააწესონ პიროვნული სანქციები და ეს გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ თუნდაც დროებით შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი“, – აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.
წყარო: bpn.ge
შეგახსენებთ, 16-17 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომებია დაგეგმილი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მათ შემხვედრ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ევროკავშირის 6 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის მხრიდან განიხილება. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. აქ გარკვევით წერია, რომ საქართველომ დაუყოვნებლივი ზომები უნდა მიიღოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი.
რეკომენდაციებს შორის ფიგურირებს “რუსული” და ანტი ლგბტ კანონების გაუქმებაც.