ავტორი: მარიკა მამაცაშვილი
“ორი კრიტიკოსი გალილეის ზღვაში ბანაობდა, უეცრად წყალზე მოსიარულე იესო ქრისტე დაინახეს… ერთმა მეორეს გადაულაპარაკა – მაგას ცურვაც კი არ სცოდნიაო”.
ონორე დე ბალზაკი “დაკარგული ილუზიები”
დათა თავაძის სპექტაკლი “ლიბერტე” ნამდვილი მოვლენაა, სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს ღრმა ფიქრებში ჩაძირავს, ემოციურად დამუხტავს, ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს. თუ ეძებთ წარმოდგენას, რომელიც ტრადიციულ ფორმატს სცილდება და თამამ ექსპერიმენტს წარმოადგენს, სამეფო უბნის თეატრში “ლიბერტეს” უნდა დაესწროთ.
“ისინი დიდხანს გააგრძელებენ ჩვენამდე დაწყებულ ლაპარაკს, ჩვენს მერეც გააგრძელებენ და, იქნებ მას მერეც, რაც ენებს დააჭრიან. მეტყველების ქურუმები – მთხრობელები სულ სხვა დროებიდან, – დროის დაკარგვის შიშის გარეშე, თითქმის უშიშრად; წამიერი მღელვარების ფონზე – მოკლე გათავებისას, ან სულაც გაუთავებლად, – რომელიმე მშვიდობიანი დემონსტრაციის სისხლიანი დარბევის პარალელურად, – ისტორიის სახსრებიდან წამიერად ამოვარდნის დროს, დროსთან ყველანაირი კავშირის გარეშე, სრულიად უდროოდ. როცა მოქმედების ვადა ამოეწურებათ, იტყვიან, “რევოლუცია”, მოიფიქრებენ მოქმედების ადგილს – ბასტილიის ციხეში, ზამთრის სასახლეში, თბილისში თუ თაჰრირის გადავსებულ მოედანზე. 1789? 1917? 1989? 2011 რა მნიშვნელობა აქვს…” ამ დამაინტრიგებელი ტექსტით გვეპატიჟებიან სამეფო უბნის თეატრში მაყურებელს.
წარმოდგენით დამდგმელი ჯგუფი ცდილობს შეაღწიოს თავისუფლების, იდენტობის, მეხსიერების, თანამედროვეობის რთულ მრავალშრიან ბუნებაში. სპექტაკლი უამრავ საკითხს ეხმიანება – საზოგადოების როლი ინდივიდის ცხოვრებაში, ხელოვანების ბედი თანამედროვე სამყაროში, დაკარგული ინდივიდი. დათა თავაძის რეჟისურისთვის დამახასიათებელი ხელწერა – ექსპრესიულობა, მწირი, მაგრამ მრავლისმთქმელი სცენოგრაფია, მსახიობების ანსამბლური თამაში, სინათლისა და მუსიკის სინქრონული ზემოქმედება – ამ სპექტაკლშიც გვხვდება. და რაც აუცილებლად აღსანიშნავია, რეჟისორი, დასთან ერთად, იკვლევს და ავითარებს ტექსტს, ჩატარებული კვლევის საშუალებით კი მიდის შედეგამდე.
დასი და რეჟისორი წარსულსა და აწმყოს შორის კავშირზე აგებენ სპექტაკლის შინაარსს, ისტორიული რეფლექსია აქ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბარი. განიხილება დანაშაულის, მეხსიერებისა და შერიგების თემები. ეს თეატრი კვლავ რჩება პლატფორმად თანამედროვე საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე კრიტიკული ჩართულობისთვის. უთანასწორობა, უსამართლობა, იდენტობა, ექსტრემიზმის ზრდა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვეული სარკაზმით, იუმორითა და სისასტიკითაც მოგვითხრობენ დათა თავაძე და დამდგმელი ჯგუფი.
რეჟისორი ექსპერიმენტს ატარებს დრამატულ სტრუქტურაზე, ნარატიულ ფორმასა და სასცენო კონვენციაზე. ის სცილდება ტრადიციულ სწორხაზოვნებას ტექსტსა და პერსონაჟების ხასიათების განვითარებაში. ეს იმერსიული წარმოდგენაა, სადაც მაყურებელი სულ ჩართულია ქმედებაში. ზღვარი მაყურებელსა და მსახიობებს შორის ეფემერულია, ამიტომაც ინტერაქტიური გამოცდილებაც არ აყოვნებს.
სპექტაკლის ტემპორიტმი მთლიანია, არის ადგილები, როცა მაყურებელი იღლება, შეგრძნებაა, რომ აღარ შეგიძლია ამდენი ბილწსიტყვაობის, სასტიკი სიმართლის მოსმენა, მაგრამ გამჭრიახი პუბლიკა იქვე ხვდება, რომ ამას დამდგმელი ჯგუფი შეგნებულად აკეთებს, რომ შეგძრას, ყელში წაგიჭიროს და ბოლომდე დაგცეს, რომ გამოცადო უსამართლობით გამოწვეული ტკივილი, ზნედაცემულობით გამოწვეული განწმენდა, სიცრუე – ცხოვრების წესად ქცეული… “როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია!”
სპექტაკლში სულ ოთხი პერსონაჟია, რომელთაც ოთხი ვარსკვლავი განასახიერებს – ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სანდრო სამხარაძე და გაგა შიშინაშვილი. ეს შესანიშნავი კვარტეტი დიდი ოსტატობით უმკლავდება სუმბურულ ტექსტს. ზოგისთვის გამაღიზიანებელი ტექსტი მამათმავლობაზე, ღმერთის უარყოფაზე ისეთი ოსტატობით იკითხება მსახიობების ბაგეებიდან, რომ ხვდები ირონიას – მოსახლეობა, რომლისთვისაც მთავარი საფრთხე განსხვავებულ ორიენტაციაშია, ვერასდროს შედგება საზოგადოებად. მოსახლეობისთვის, რომელიც ერთხმად ქადაგებს სიყალბესა და უვიცობას, ორგაზმიც უნისონში უნდა იყოს მოსული და სიამოვნებაც – საერთო-სახალხო.
ქეთი ნადიბაიძის მინიმალისტური სცენოგრაფია კიჩია თანამედროვეობაზე – ერთჯერადი პლასტმასის თეთრი სკამების რიგი, რომლებზეც მაყურებელია განთავსებული, დისონანსშია სიმონ მაჩაბლის ფრანგული ბაროკოს ულამაზეს კოსტიუმებთან. ისევე, როგორც მაგდა ლებანიძის მკერდგაშიშვლებული, ჯანმრთელი, ხორცსავსე, შემართული პერსონაჟი – ნატუკა კახიძის ფერმკრთალ, სცენაზე მონარნარე, ფრანგული, წარმავალი არისტოკრატიის პერსონაჟთან. გაგა შიშინაშვილის პერსონაჟი დამკვირვებელ-შემფასებლის როლს ირგებს, ხოლო სანდრო სამხარაძის პერსონაჟი – ხან სასოწარკვეთილი, შურისმაძიებელი ორესტესის კრებითი სახეა, ხან დონ კიხოტის, ხან კი შეურაცხყოფილი, ნამუსახდილი, “დედის მკერდს” შეფარებული კაცობრიობისა.
სცენა კიბეზე, სადაც წელს ქვევით შიშველი, წელს ზევით კი ვერცხლისფერ აბჯარში გამოწყობილი სანდრო სამხარაძის პერსონაჟი ცალ ძუძუმოშიშვლებული, მეორე ძუძუზე კი ნიჟარააფარებული ნატუკა კახიძის პერსონაჟს მკერდზე თავს ადებს და ირინდება, სპექტაკლის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და გულის შემძვრელი ეპიზოდია.
დათა თავაძე ის რეჟისორია, რომელსაც ძლიერი მხატვრული ხედვა აქვს და სპექტაკლის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ეს მის ყველა ნაშრომში იკითხება. სწორედ დათა თავაძის სპექტაკლით “ტროელი ქალები” ახალი ტალღა აზვირთდა ქართულ თეატრში, რომელიც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ნორმებს, ამავე დროს ურთიერთქმედებს გლობალურ ტენდენციებთან და ითვისებს სხვადასხვა თეატრალურ ტრადიციათა გავლენას. ანუ სამეფო უბნის თეატრში პოსტდრამატული თეატრი დაიბადა.
რაც შეეხება “Liberte”-ს, ეს შეტევაა უსამართლობაზე, ზნედაცემულობაზე, სიცრუესა და სიყალბეზე! “Liberte” სასოწარკვეთაა, რომელსაც მხოლოდ სილამაზე თუ გადაწონის, “Liberte” განწმენდის შესაძლებლობაცაა. ამიტომ ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ ტკივილის განცდის ბედნიერებას.