“ღირსია სტამბულის ბაზარზე ნაყიდი “გუჩი” ჩააცვა” – ვისზე წერს თორნიკე შარაშენიძე

“ნაპოლეონს” სადღაც შუამდე გავუძელი, აუსტერლიცის მერე გამოვედი.
ნაპოლეონი “აჯაკოში” დაიბადაო. Ajaccio (აიაჩო) ერთი ქართველი კომენტატორის სტილში წაუკითხავთ. ერთი განათლებული ადამიანი როგორ არ ჰყავდა ამხელა გადამღებ ჯგუფს არაინგლისური ტოპონიმი რომ სწორად წაეკითხა. ისტორიის ცოდნას ვინღა ჩივის. ნაპოლეონს ვერ ჩავატევდი თუნდაც სამ საათშიო, – ასე უმართლებია თავი. ალბათ ამიტომ წამოიყვანა ნაპოლეონი ეგვიპტიდან საფრანგეთში ჟოზეფინას ღალატის გამო. მეგონა ბრძოლებს მაინც გადაიღებდა კარგად. მაგის საშუალება ასი წელი ჰქონდა. ჰოდა, აუსტერლიცის ბედი თურმე სადღაც 600 კვ მეტრის ფართობზე გადაწყვეტილა. ჟოზეფინა აშკარად strong woman-ად გამოიყვანა. The strongest ever, აბა თვით ნაპოლეონს აკონტროლებდა და.
ისტორიის ასეთი გაბანძება გაცილებით უფრო ნიჭიერ დიუმასაც არ ეპატიებოდა. ასე ცხადია არასოდეს გაუბანძებია. ცოტა კი გადაამლაშა, მაგრამ ნიჭით გადაფარა. ტარანტინომ ისტორია ორჯერ გენიალურად შეცვალა (ჰიტლერი მოკლა და პოლანსკის ცოლი გადაარჩინა). ეს კი ღირსია სტამბულის ბაზარზე ნაყიდი “გუჩი” ჩააცვა.
ცნობისთვის, რიდლი სკოტის ფილმის “ნაპოლეონის” ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი, კინოსურათის პრემიერამდეც (23 ნოემბრამდე) გამოითქმებოდა, პრემიერის შემდეგ კი კიდევ უფრო გამწვავდა. მას უმეტესად ისტორიულ უზუსტობას ედავებიან.
რიდლი სკოტმა ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა იგი „ნაპოლეონზე“ საუბრობდა, მან საფრანგეთის ლიდერი ალექსანდრე მაკედონელს, იოსებ სტალინს და ადოლფ ჰიტლერს შეადარა.
ჟურნალ Empire-სათვის მიცემულ ინტერვიუში რიდლი სკოტმა საკმაოდ კატეგორიულად განაცხადა: „მე ნაპოლეონს ვამსგავსებ ალექსანდრე მაკედონელს, ადოლფ ჰიტლერს და იოსებ სტალინს. კარგად მომისმინეთ, რასაც ვამბობ: ნაპოლეონს რეალურად აქვს ჩადენილი უღირსი ქმედებები და იგი ძალიან არის გასვრილი ცუდი საქმეებით“, – განაცხადა რეჟისორმა ფრანგთა ეროვნული გმირისა და მათი სიამაყის სიმბოლოს მიმართ.
პროფესორმა პატრის განისმა ჟურნალ Le Point-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ფილმი ძალზე ანტიფრანგულია და მოვლენებს პრობრიტანულად წარმოაჩენს. რეჟისორი სინამდვილეს აყალბებს და ისტორიის ბრიტანეთის სასარგებლოდ გადაწერას ცდილობს“. მაგალითისათვის პატრის განისი ვატერლოოს ბრძოლას (1815 წლის 18 ივნისი) იმოწმებს, რომელსაც რიდლი სკოტი ფილმში ყველაზე საუკეთესო ეპიზოდად წარმოსახავს (ანუ ინგლისელი რეჟისორი სპეციალურად აქცევს მეტ ყურადღებას და ხაზს უსვამს ფრანგთა იმპერატორის დამარცხების მომენტს).
ფრანგი კრიტიკოსები ასევე ყურადღებას აქცევენ იმ ფაქტსაც, თუ როგორ არის გადმოცემული ფილმში ნაპოლეონ ბონაპარტისა და ბრიტანელი ფელდმარშლის არტურ ველინგტონის ურთიერთობა. როგორც ცნობილია, არტურ ველინგტონი ვატერლოოს ბრძოლის დროს ანტიფრანგული კოალიციის ჯარებს სარდლობდა (მოგვიანებით იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც გახდა)..
სხვათა შორის, ინგლისელი სპეციალისტებიც აღნიშნავენ ფილმში დაშვებულ ისტორიულ ხარვეზებს: მაგალითად, ნაპოლეონი არ ესწრებოდა ლუი XVI-ის ცოლის, დედოფალ მარი ანტუანეტის დასჯას (ფილმში კი პირიქითაა), ხოლო თვითონ დედოფალი ეშაფოტზე თმაგაშლილი ადის (არადა, გილიოტინის წინ სიკვდილმისჯილებს თმებს მოკლედ აჭრიდნენ). გარდა ამისა, ფილმში ფრანგი ჯარისკაცები, იმპერატორის ბრძანებით, ეგვიპტის პირამიდებს ესვრიან (სინამდვილეში კი ნაპოლეონს მსგავსი ბრძანება არ გაუცია), ხოლო ცნობილი სფინქსი ფილმში სახის სრული ნაკვთებით არის ნაჩვენები (რაც არასწორია, სფინქსმა სახის ძირითადი ნაწილები XIX საუკუნებდე დიდი ხნით ადრე დაკარგა).