ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს – რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს

გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს ოპერატიული ინფორმაცია წარუდგინა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების პროცესის შესახებ. 6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე – 0322 193 283.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.
წელს კახეთის რეგიონში, რთველის პროცესში, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს