“ღვინის საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა ლიმიტირებულია” – “თელავის ღვინის მარანი”

ღვინის საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა ლიმიტირებულია, – ამის შესახებ BM.GE-სთან “თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა ღვინის ბაზრის შეფასებისა და საექსპორტო პოტენციალზე საუბრისას განმარტა.
მისივე შეფასებით, მართალია ახალ ბაზრებზე მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში ექსპორტის გატანა და დიდი რაოდენობით ქართული ღვინის გაყიდვა, გამოწვევაა, რადგან კონკურენციაში ადგილობრივ ღვინოსთან შესვლა უწევს.
“ახალი ბაზრების მოძიების პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს. თუმცა, ძალიან რთულია, რადგან ქართული ღვინის მომხმარებელი ბაზრების რაოდენობა ლიმიტირებულია. ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში ნაკლები შანსია, რომ დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გაიყიდოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ქართული ღვინო ადგილობრივთან შედის კონკურენციაში და ბუნებრივია, იქაური მოსახლეობა, ადგილობრივ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას”, – ამბობს რამაზაშვილი.
რაც შეეხება “თელავის ღვინის მარნის“ გასული წლის შედეგებს, როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, 2024 წელი, წინა ორ წელთან შედარებით განსხვავებული არ ყოფილა და გაყიდვების დინამიკა და გაყიდული რაოდენობები ფაქტობრივად თანაბარი იყო. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ზურაბ რამაზაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ 2025 წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და იმედია, რომ წელს 15%-მდე ზრდა იქნება, რაც წარმადობაზეც აისახება.
ინფორმაციისთვის, წელს, იანვარში საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა. გასულ თვეში ქვეყნიდან 13 მილიონი დოლარის 4 მილიონ 243 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი 28%-ით, საქონლის მოცულობა კი 34.5%-ით შემცირდა. ღვინის ექსპორტი კლება მთავარი განმაპირობებელი რუსეთში ექსპორტის შემცირებაა. ამ ქვეყანაში იანვარში 6 მილიონ 982 ათასი დოლარის ღირებულების 2 561 377 ტონა ღვინოა გავიდა.