ახალ „ღვინის პაკეტზე“ მიღწეული ეს დროებითი შეთანხმება მეტი ფინანსური სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს, რათა მევენახეებმა ბაზრის ტენდენციებზე საკუთარი წარმოების მორგება შეძლონ.
ხუთშაბათს ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო ევროკავშირში ღვინის მწარმოებელთა მხარდაჭერის ახალ წესებზე შეთანხმდნენ.
ეს შეთანხმება მეტი ფინანსური სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს, რათა მევენახეებმა ბაზრის მოთხოვნებზე წარმოების მორგება შეძლონ. შეთანხმება არაალკოჰოლური ღვინოების შესახებ წესების შერბილებას და დაზუსტებასაც ითვალისწინებს.
მეღვინეებს უფლება ეძლევათ, ეტიკეტზე გამოიყენონ ტერმინი „ალკოჰოლის გარეშე“, აღნიშვნით „0.0%“, თუ პროდუქტში ალკოჰოლის შემცველობა მოცულობის 0.05%-ს არ აღემატება.
პროდუქტებზე, რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა მოცულობის 0.5%-ის ტოლია ან აღემატება მას, აუცილებლად უნდა გაკეთდეს წარწერა, „ალკოჰოლის შემცირებული შემცველობა“. იგივე ეხება ღვინოსაც, რომელშიც ალკოჰოლის კონცენტრაცია, ჯერ კიდევ დეზალკოჰოლიზაციამდე, ისედაც, სულ მცირე, 30%-ით ნაკლები იყო.
სერიოზული სტიქიური უბედურებების, კლიმატური კატაკლიზმების, მცენარეთა დაავადებების ან მავნებლების გავრცელების შემთხვევაში, მევენახეებს, დაზიანებული ვაზის ახლით ჩასანაცვლებლად, დამატებით ერთი წელი ეძლევათ.
ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო ასევე შეთანხმდნენ, რომ დაზიანებული ვაზის ჩასანაცვლებლად, ევროკავშირის ფონდები იქნება გამოყენებული.
გარდა ამისა, გადაწყდა, რომ ღვინის დისტილაციასა და მწვანე (მოუმწიფებელი) ყურძნის მოშორებისთვის, ევროკავშირის წევრმა თითოეულმა ქვეყანამ ხელმისაწვდომი საერთო ფონდების მაქსიმუმ 25% შეიძლება დახარჯოს.
ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის მიღწეული ეს შეთანხმება ღვინის ტურიზმისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ითვალისწინებს. მწარმოებელი ორგანიზაციები, რომლებიც ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ მდებარეობას უთითებენ, ღვინის ტურიზმის პოპულარიზებისთვის, დამატებით მხარდაჭერას მიიღებენ.
ამასთან, ახალი წესები ევროკავშირს მესამე ქვეყნებში ხარისხიანი ევროპული ღვინოების სარეკლამო კამპანიების უკეთესი დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.
დაბოლოს: ევროკავშირი, მხარდაჭერის სახით, დაფარავს ისეთი ხარჯების დაახლოებით 60%-ს, როგორიცაა რეკლამა, სარეკლამო ღონისძიებები, გამოფენები, კვლევები და სხვა, ხოლო წევრ სახელმწიფოებს შეეძლებათ, იგივე მიზნებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 30%-მდე გაიღონ (20%-მდე – მსხვილი კომპანიებისთვის).
ხარჯები და სარეკლამო გეგმა შეიძლება დაფინანსდეს სამი წლის განმავლობაში, იმავე ვადით ორჯერ განახლების უფლებით, ანუ, მაქსიმუმ, ცხრა წლის ვადით.
მიღწეული შეთანხმება, ძალაში შესვლამდე, ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ.
წყარო: 1 არხი




