„ღვინის ექსპორტის მიმართულებით დიდი ცვლილებები არ ყოფილა და დაახლოებით ისევე გრძელდება, როგორც 2024 წელს იყო“,- ამის შესახებ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა. სამანიშვილის შეფასებით, ქვეყანაში ექსპორტი ზოგადად შემცირებულია, რასაც შესაძლოა ღვინის ექსპორტის კლებაც გამოეწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი ტრადიციულად იკლებს.
სამანიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მართალია, ღვინის მოხმარება ტრადიციულ ბაზრებზე მცირდება, მაგრამ მას აზიიდან მზარდი დაინტერესება აბალანსებს.
„ღვინის ექსპორტის მიმართულებით დიდი ცვლილებები არ ყოფილა და დაახლოებით ისევე გრძელდება, როგორც 2024 წელს იყო.
ღვინის მწარმოებელი კომპანიები შეთანხმებული არიან, რომ ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ბაზრების დივერსიფიკაცია მუდმივი პროცესია. გაყიდვების გაზრდის მხრივ, განსაკუთრებით დიდი პოტენციალი ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
ასევე, აუცილებელია ევროკავშირის ბაზარზე ვიყოთ წარმოდგენილი, რათა როგორც მეღვინეობის ქვეყანა, მსოფლიომ გაგვიცნოს.
90-იან წლებში გადაწყდა, რომ გვინდა და გეზი გვაქვს ევროკავშირის წარმატებული ქვეყნებისკენ, თუმცა ამის მისაღწევად საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი, ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი პოსტსაბჭოური გავლენა და იმედი მაქვს, რომ ახალი თაობა მოახერხებს, რომ რაღაც შევცვალოთ.
შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ მარკეტინგის კუთხით შესაცვლელი ბევრი გვაქვს, თუმცა მარკეტინგზე მხოლოდ სახელმწიფო არ უნდა მუშაობდეს.
ბოლო პერიოდში, მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით ისაა, რომ სახელმწიფოს უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია აღარ არსებობს. ყველაფერი ისე კეთდება, როგორც სახელმწიფო გადაწყვეტს.
შეიძლება ითქვას, რომ ღვინის მოხმარების კლება მსოფლიო ბაზარზე დიდი ხანია არის.
თუმცა, კლება არის იმ ქვეყნებში, სადაც მოხმარება ძალიან მაღალი იყო. საქართველოს მაგალითზეც, 30 წლის წინანდელ სტატისტიკას თუ შევადარებთ ღვინოზე მოთხოვნა განახევრებულია. ამის პარალელურად, იწყება მოხმარება ისეთ ქვეყნებში, სადაც ღვინოს საერთოდ არ მოიხმარდნენ. ასევე, კლება შეინიშნება მასობრივი მოხმარების ღვინოზე“,- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
