ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი ისრაელის მოქმედ ლიდერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია ისრაელში.
თუ ნეთანიაჰუ ძალაუფლებას ჩაებღაუჭება, ისრაელი “ღაზის ჭაობში ჩაიძირება და წლობით ვერ დააღწევს მას თავს”, აღნიშნა ეჰუდ ბარაკმა, რომელიც არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს.
ისრაელის ყოფილი პრემიერის შეფასებით კონფლიქტი ისრაელსა და “ჰამასს” შორის, უკვე შორს წავიდა და იწურება დრო, როცა ისრაელს აქედან თავის დაღწევა ჯერ კიდევ შეუძლია. ნეთანიაჰუ კი უიმედოდ ებღაუჭება ძალაუფლებას, როცა მაშინვე უნდა გადამდგარიყო, როგორც კი ნათელი გახდა სამხედრო და სადაზვერვო წარუმატებლობების შესახებ, რაც წინ უძღოდა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას.
“ისრაელი გამარჯვებულად ვერ გამოაცხადებს თავს, თუ “ჰამასის” მთელ სამხედრო შესაძლებლობებსა და ლიდერებს არ გაანადგურებს. “ჰამასისთვის” კი გასამარჯვებლად მხოლოდ გადარჩენაც კმარა. მაშინაც კი, თუ ისრაელი მოკლავს სინვარს [იაჰია სინვარი, “ჰამასის” ლიდერი], “ჰამასი” მაინც გადარჩება. ერთადერთი გზა კონფლიქტიდან გამოსასვლელად დაუყოვნებლივ არჩევნების ჩატარებაა”, – ამბობს ბარაკი.
22 იანვარს ისრაელის ჯარები შეიჭრნენ ალ-ხაირის საავადმყოფოში, რომელიც ღაზის სამხრეთში მდებარეობს და სამედიცინო პერსონალი დააკავეს, მეორე საავადმყოფო კი ალყაში მოაქციეს. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის მხარე ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ გადაურჩა მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრას ქნესეთში, ისრაელის პარლამენტში. კანონპროექტმა მხოლოდ 18 ხმა მიიღო. კენჭისყრის საფუძველი გახდა “ჰამასის” ხელში ჯერ კიდევ მძევლად მყოფი ისრაელელები. მძევლების ოჯახები პარლამენტშიც შეიჭრნენ და “ჰამასისგან” მათ გამოსახსნელად მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვეს. თუმცა ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განმარტა, რომ “ჰამასის” მხრიდან მძევლების დაბრუნებაზე არანაირი შემოთავაზება სინამდვილეში არ არსებობს და საუბარი ამ თემაზე სპეკულაცია და ტყუილია, ისრაელის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება The Guardian.
· პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება – ნეთანიაჰუ
· თავდასხმა ისრაელში, ქუჩაში — მოკლულია 1 და დაშავებულია 18 ადამიანი
· “ირანს კონფიდენციალური შეტყობინება გადავეცით” – ბაიდენი