სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს.
ანგარიშში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დასახელებულია ბავშვთა სიღარიბე:
“ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები,” ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშის მოკლე მიმოხილვაში.
ამავე ანგარიშით, პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, არასრულწლოვან მშობლად კი – 409 პირი დაარეგისტრირეს – ნათქვამია ანგარიშში