ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ლელო საქართველოსთვის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს “კრიმინალად, მაროდიორად და თაღლითად” მოიხსენიებს და ჟურნალისტებს მოუწოდებს მას მიბაძონ და პოლიტიკოსის მიმართ ეს ტერმინები გამოიყენონ.
ღარიბაშვილის გაღიზიანება ლელოს ლიდერის განცხადებებმა გამოიწვია, რომლებშიც ის მმართველ პარტიას აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე დამარცხდება.
“მინდა მოგმართოთ თხოვნით ჟურნალისტებს, რომ ისეთ პიროვნებაზე საუბრისას, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად. შეგახსენებთ, რომ ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული და თაღლითობაში იყო მხილებული – ის სასამართლომ აღიარა თაღლითად. კაცი, რომელმაც საკუთარი ბანკი, ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა… რაზეა საუბარი საერთოდ?!
სწორედ ხაზარაძე შემიძლია მოვიხსენიო როგორც სააკაშვილის მაროდიორად. როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და იგი ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს, თუ ვინმე ამ გაძარცვული ქონების მითვისებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი ხაზარაძე და მისი ბანკია. იგი იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში სააკაშვილთან ერთად. კაცი, რომელიც ახლა ოცნებობს რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რომელ მოგებაზე აქვს საუბარი და საერთოდ რას იმუქრება ეს არარაობა, თაღლითი, კრიმინალი ადამიანი?! და ვის ემუქრება? ემუქრება ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და იმ ნეოფაშისტური რეჟიმისგან იხსნა ჩვენი ხალხი – მოუტანა ხანგრძლივი მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. ამ ადამიანს ემუქრება ეს თაღლითი”, – თქვა ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაც ხაზარაძეს დააბრალა და თქვა, რომ მან პროექტი ჩააგდო.
“ცნობილი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მას 2016 წელს მიანდო, ანაკლიის პორტს ვგულისხმობ, მან ჩააგდო ეს პროექტი – ვერ განახორციელა. მთავრობა ელოდა 5 თუ 6 წელი”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.