„ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ” – დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ამ სახელწოდების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის ღონისძიებას USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის მიწვევით დაესწრო.
ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ტყვიით მოწამვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალურ გამოწვევად დაასახელა. მისი თქმით, ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს – ეს არის გლობალური პრობლემა!
„ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში – სუნელი – როგორც თქვენ მიერ იქნა აღნიშნული.
ასევე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ტყვიით მოწამვლით არის გამოწვეული გლობალურად გარდაცვალების წლიური მაჩვენებლის 1.5%. ის მწვავე რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს შესახებ საუბრისას მან გამოყო USAID-ისა და UNICEF-ის მიერ გაწეული დახმარება.
„რაც შეეხება საქართველოს წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია 2018 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალკლასტერული და მრავალინდიკატორიანი კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა. ამ მონაცემებს მოჰყვა მყისიერი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ჩვენ სწრაფად გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები რისკების გასანეიტრალებლად და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების პრევენციისთვის.
2019 წელს ინიციირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი – გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით – მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გატარებული ზომების შედეგად მიღებული შედეგებიც აღნიშნა: „ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება. ამ ინიციატივათა შედეგად მოხდა მაჩვენებლების სწრაფი გაუმჯობესება, რამაც რეაგირების პროგრამის ეფექტურობა დაადასტურა. პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი – 75-პროცენტიანი – კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ იყო დაფიქსირებული”.
USAID-ის ხელმძღვანელმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. პაუერის გარდა, დისკუსიაში მონაწილეობდნენ: McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით – „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა”. ღონისძების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
დაგეგმილი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში „ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი”.