საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერ ირაკლი კობახიძეს, – რომელსაც 24 ოქტომბერს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალი წარუდგინეს, – დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.
საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
· მუხლი, რასაც ღარიბაშვილს ედავებოდნენ, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
მას ასევე დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს 15:35 საათისთვის გაავრცელა.
„ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, – იუწყება პროკურატურა.
ადვოკატის ცნობით, ყოფილი პრემიერი უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები აქვთ წაყენებული.
ის პირველია, რომელთანაც 2025 წლის „ანტიკორუფციული წმენდის“ შემდეგ საპროცესო შეთანხმება ფორმდება.
ბრალდება და გირაო
2025 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ “ქართული ოცნების” გუნდის ორგზის პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა შს მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლები აღიარა.
მანამდე უკვე გაჩხრეკილი იყო მისი უძრავი ქონება, სადაც, გამოძიების მასალების მიხედვით, 6 500 000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. ბრალდება, ჯამში, დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მიუთითებდა.
ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ [ფულის გათეთრებას].
ის მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან,
რადიო თავისუფლება ცდილობს, დააზუსტოს, უკვე დაპატიმრებულია თუ არა ყოფილი პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილის ამბავი
წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი იყო.
2013 წელს, პოლიტიკიდან პირველად წასვლისას, თავის შემცვლელად, ივანიშვილმა ღარიბაშვილი თავად შეარჩია და პრემიერ-მინისტრობასთან ერთად, პარტიის თავმჯდომარეობაც გადაულოცა.
2015 წლის თებერვლის ინტერვიუში კი, ივანიშვილმა მას კორუფციასთან შეუგუებელი „ძალიან ღირსეული“ პრემიერი უწოდა, თუმცა მაინც აღნიშნა, რომ არსებობდა შეკითხვები ნათესავების გამო – ნეპოტიზმთან კავშირში.
2021 წლის 18 თებერვალს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ „ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება“ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერების შესახებ.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ – ღარიბაშვილის „მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები“ და რომ „ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“.
ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციული დანაშაულების მხილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ მისი მეორედ გაპრემიერების შემდეგაც განაგრძეს.
მაგალითად, 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში ვაჟის ჩაყვანის დროს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისზე სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა; მოგვიანებით კი განმარტა, რომ რეისის საფასური პენსიონერმა მამამ გადაუხადა და ბიუჯეტის ხარჯით არ უსარგებლია.
ფორუმი




