ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
მისი თქმით, საკადრო ცვლილებები “ჩვეულებრივი მოვლენაა და უბრალოდ, გადაბარების პროცესი მიმდინარეობს”.
“ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენიმეს ჩამოგითვლით. მაგალითად, იცით, რომ 3 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და განვახორციელეთ მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე. მანამდე არ ხდებოდა ეს. მოვედით, გავაკეთეთ.
30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი რეფორმები განახორციელა მან და დაიწყო. კიდევ ვიმეორებ, რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვქონდა, მეც მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. საკადრო ცვლილებებზე მინდა გითხრათ, რომ ამოვწურო ეს საკითხი, არაფერი არ ხდება აბსოლუტურად, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, პროცესია ჩვეულებრივი, გადაბარების პროცესი მიმდინარეობდა, იგივე ადმინისტრაციაში და ეს ნორმალურია. ჯაველიძე სხვაგან გააგრძელებს მუშაობას”, – ამბობს ღარიბაშვილი.
29 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს.
მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა ხელი ამავე დღეს მოაწერა.
ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს რევაზ ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია დაიკავებს.