ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევა.
2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო – დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. ბოლო 12 წელში მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოწვევების, პოლიტიკურ-ეკონომიკური ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით.