ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ, პატრიოტი მოსამართლეების კეთილსინდისიერება ვიღაცამ შეამოწმოს

დღეს ქართული სასამართლო ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას. ეს არის ჩვენი სასამართლო. ეს არის ქართული სასამართლო და ჩვენ არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. დამთავრდა ის დრო, მეგობრებო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე ის დრო არ დადგება, რომ სასამართლო მართონ გარედან, უცხო ქვეყნებმა. ეგეც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მით უმეტეს, ზოგიერთი აგენტის ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს. გადახედეთ რეიტინგებს, ყველა რეიტინგისა და გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელს ევროპაში. ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის ვართ პირველ ადგილზე კანონის უზენაესობის მიხედვით.
ეს კამპანია, რაც არის ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, ეს არის შეურაცხმყოფელი კამპანია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამას არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება. ჯერ მათი კეთილსინდისიერება კარგად გამოვიკვლიოთ, კარგად გავარკვიოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ საერთოდ ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე საუბარს.