ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის, 2023 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო.
ღარიბაშვილის განცხადებით, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც, ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების უზრუნველსაყოფად, ხოლო „ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი“ 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ. საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისმევაში წვლილის შესატანად 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა“, – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე სიტყვებით, საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა მისი წილის შემდგომი გაზრდა ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება:
„საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა