– ქალბატონო ნინა, შვიდი წელია წარმატებით ხელმძღვანელობთ ფესტივალს. რას ნიშნავს ეს ფესტივალი თქვენთვის?
– ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფესტივალია საქართველოში, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ფესტივალი ლეგენდარული ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის მიერაა დაარსებული, რომელიც არაერთი ათეული წელი სათავეში ედგა მას და იწვევდა მსოფლიო რანგის უდიდეს მუსიკოსებს. წლების განმავლობაში „ღამის სერენადებმა“ აღზარდა არაერთი თაობის მსმენელი, შეინარჩუნა აქტუალობა და დღესაც მსმენელი დიდი ინტერესით ელოდება მას.
ჩემთვის პირადად, ეს ფესტივალი ძალიან ძვირფასია და, ფაქტობრივად, წარმოადგენს ერთ დიდ მუსიკალურ ოჯახს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთი მონაწილე, „ღამის სერენადების“ ერთგული მეგობარია და ეს წრე მუდმივად იზრდება. ჩვენ, ყოველწლიურად გვიერთდებიან ახალი სახელები, ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები და მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები, რაც ქმნის ერთგვარ პლატფორმას ახალი შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის, გამოცდილებების გაზიარებისთვის და, რაც მთავარია, მუზიცირებისთვის.
სწორედ ამიტომ, „ღამის სერენადების“ ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ფესტივალის საუკეთესო ტრადიციები და მონაპოვრები და ღირსეულად გავაგრძელოთ ლიანა ისაკაძის მიერ დაწყებული გზა, მეორე მხრივ კი – გავიზიაროთ ის სიახლეები, რომელიც ინერგება კლასიკური მუსიკის სფეროში და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს. ვფიქრობ, ამ ყველაფერს დღემდე წარმატებულად ვართმევთ თავს. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ისაკაძეს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს: საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიებს, სსიპ “შემოქმედებით საქართველოს”. რაც მთავარია, ჩვენი წარმატების დასტურია ფესტივალის კონცერტებზე მსმენელთა მაღალი დასწრება, მათგან მიღებული სიყვარულით აღსავსე გამოხმაურებები. იმედი გვაქვს, რომ ამ მაღალი თამასის შენარჩუნებას მომავალშიც შევძლებთ.
– წელს ფესტივალი აღდგენიდან მეჩვიდმეტედ იმართება, რით იქნება ის გამორჩეული?
– უნდა ვთქვა, რომ ფესტივალის თითოეული სეზონი გამორჩეული და გარკვეული თვალსაზრისით უნიკალურია, ვინაიდან საკონცერტო პროგრამისა და შემსრულებლების ის შემადგენლობა, რომელიც ერთ წელს იყო წარმოდგენილი, არასდროს მეორდება.
წლევანდელი „ღამის სერენადები“ ექვს კონცერტს შესთავაზებს მსმენელებს, ტრადიციულად ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. საკონცერტო საღამოებთან ერთად, წელს განსაკუთრებულად ბევრი მასტერკლასის ჩატარებას ვგეგმავთ. ეს შემსრულებლების სურვილიც იყო და აუდიტორიისაც, რომელთათვისაც ურთიერთობა მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებთან დიდი პატივია, მათი გამოცდილების გაზიარება კი – უმნიშვნელოვანესი გამოცდილება. გვექნება თემატური ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ პირებისთვის, ქართველი მხატვრების გამოფენები. ასევე, უამრავი მუსიკალური სიურპრიზი დამსწრე საზოგადოებისთვის. ამიტომ, ვეპატიჟებით ყველას, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან მუსიკალურ მოგზაურობაში.
– მოგვიყევით წლევანდელი მონაწილეების და საკონცერტო პროგრამების შესახებ.
– უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ წელს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თემატურ საკონცერტო პროგრამებზე, რომლებშიც ყველა ნაწარმოები ერთი მთავარი იდეის ირგვლივ ერთიანდება. მაგალითისთვის ბათუმში წარმოდგენილი იქნება მუსიკალური საღამოები სახელწოდებით: „მორიკონე – კინოს ლეგენდა“, „ვივალდის ციებ-ცხელება“ და „ტანგოს სული“. ფესტივალის დასკვნითი საღამოს სახით კი მსმენელებსა და მაყურებლებს ვთავაზობთ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ კონცერტს „ასტორი“, რომელიც თავისი არსით უნიკალური პროექტია. ის შეიქმნა დიდი არგენტინელი კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად და აერთიანებს ასტორ პიაცოლას დიდებულ მუსიკას, მსოფლიო რანგის ბანდონეონისტის მარიო სტეფანო პიეტროდარკის შესრულებით და თანამედროვე ქორეოგრაფიას, წარმოდგენილს იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საბალეტო დასის Balletto di Roma-ს მიერ.
„მორიკონე – კინოს ლეგენდა“ – ს წარმოადგენს „იტალიის კინოს საყვირად” წოდებული ნელო სალცა. არაჩვეულებრივი მუსიკოსი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში თანამშრომლობდა იტალიის კინოსა და ტელევიზიის უმნიშვნელოვანეს კომპოზიტორებთან და, რაც მთავარია, ხანგრძლივი მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა კინომუსიკის ლეგენდასთან – ენიო მორიკონესთან. სწორედ ნელო სალცას შესრულებით გვესმის საუნდტრეკები ფილმებში „საძულველი რვა“, „ცხოვრება მშვენიერია“, „ერთხელ ამერიკაში“, „ლეგენდა პიანისტზე“, „ახალი კინოთეატრი პარადიზო“, „რვაფეხა“ და მრავალი სხვა. საღამოს განმავლობაში სალცა არა მხოლოდ შეასრულებს ენიო მორიკონეს დაუვიწყარ თემებს, არამედ გაიხსენებს მასთან შემოქმედებითი ურთიერთობის დეტალებს.
„ვივალდის ციებ-ცხელება“ ანდრეს გაბეტასა და მორის შტეგერის ერთობლივი საკონცერტო პროგრამაა. ისინი ბაროკოს მუსიკის ნამდვილი ჯადოქრები არიან. მორის შტეგერს სწორედ ასე მოიხსენიებს ხოლმე უცხოური პრესა. ანდრეს გაბეტა და მორის შტეგერი ბაროკოს მუსიკის წამყვანი შემსრულებლები არიან და რეგულარულად თანამშრომლობენ ნამდვილ ლეგენდებთან – ჩეჩილია ბარტოლისთან, ფრანკო ფაჯოლისთან და ა.შ. მათი ჩანაწერები კი მრავალი ჯილდოთია აღიარებული. ამდენად ჩვენთვის დიდი პატივია მათი მასპინძლობა, მითუმეტეს, რომ გადატვირთული განრიგის მიუხედავად ისინი მასტერკლასებსაც ჩაატარებენ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.
საღამოზე „ტანგოს სული“ აჟღერდება ყველაფერი რაც, ამ ემოციურ ცეკვას უკავშირდება და მის არსს გადმოსცემს. მარიო სტეფანო პიეტროდარკი თამარ ლიჩელთან და სიმებიან კვინტეტთან „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად შეასრულებენ პიაცოლას, დი მარინოს, პალმერის, ვილოლდოს და სხვათა მუსიკას. პროგრამის ზოგიერთი ნაწარმოები ქართველმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის და უყვარს, ზოგიერთი კი პირველად აჟღერდება საქართველოში.
ძალიან საინტერესო კონცერტი გველის თბილისშიც. არაჩვეულებრივი იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და ფანტასტიკური ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე რომანტიზმის ეპოქის გასაოცარ ნაწარმოებებს შეასრულებენ – იოჰანეს ბრამსის სავიოლინო კონცერტის ძალიან საინტერესო ვერსიას კამერული ორკესტრის თანხლებით, რომელიც ეკუთვნის ილან რეხტმანს. ასევე, შესრულდება ჩაიკოვსკის სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის.
ბუნებრივია, ყველა კონცერტზე ჩვენთან ერთად იქნება ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“. ესაა უნიკალური კოლექტივი, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება „ღამის სერენადებისთვის“. ორკესტრი დაკომპლექტებულია წარმატებული ქართველი მუსიკოსებით და მისი ხელმძღვანელია არაჩვეულებრივი მევიოლინე ლელა მჭედლიძე.
ფესტივალის დასკვნით საღამოზე უკვე მოგახსენეთ, ეს იქნება Balletto di Roma-ს პროექტი „ასტორი“. აქ კი დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ჩვენთვის განსაკუთრებულად დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, ვუმასპინძლოთ ერთ-ერთ წამყვან იტალიურ დასს, რომელიც მხოლოდ ერთ წარმოდგენას შესთავაზებს ჩვენი ფესტივალის მსმენელებს. აქვე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის საელჩოს საქართველოში, მრავალწლიანი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის და იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადა ამ პროექტის განხორციელება საქართველოში.
– სად და როდის გაიმართება კონცერტები?
– უკვე ტრადიციად იქცა ფესტივალის გახსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში. წელს იქნება მესამე წელი, როდესაც ჩვენ გავხსნით „ღამის სერენადებს“ კონცერტით ღია ცის ქვეშ და მასში ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ მორის შტეგერი და მარიო სტეფანო პიეტროდარკი. შემდეგი სამი კონცერტი 22, 24 და 26 აგვისტოს გაიმართება ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, 9 ოქტომბრის კონცერტს უმასპინძლებს კონსერვატორიის დიდი დარბაზი, ხოლო დასკვნითი საღამო გაიმართება ალ. გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე. ასე რომ, გელით ყველას, ემოციებით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღსავსე საღამოებს გპირდებით!
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სიიპ “შემოქმედებითი საქართველო”, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურისა სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა,,ნიჭიერთა ათწლედი”.
მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი .
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი “პიელ ნატურალსი”, ღვინის კომპანია “პავილიონ ვაინსი”, ,,პსპ”, ავეჯის სახლი ,,ნიტა”.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.
