„ღამის სერენადების“ ფარგლებში მასტერკლასი გაიმართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა.
მასტერკლასი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ “შემოქმედებითი საქართველოსა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობას 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო.
ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი:
„უკვე მე-6 წელია ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ “შემოქმედებითი საქართველოსა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით ვატარებთ ვორქშოპებს ამ საოცარი ბავშვებისთვის. მადლიერების ემოცია, რომელსაც ისინი გვჩუქნიან, დაუვიწყარია მთელი წლის განმავლობაში მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისთვის.“
ნინო მირიანაშვილი, დიზაინერი:
„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის აქრომატიული და ფერადი ტონალობის მონაცვლეობა,ოპტიკური ეფექტი, სახალისო არტ სკეჩი არაჩვეულებრივად შეასრულეს მონაწილეებმა. ბავშვები დიდი ხალისით ერთვებიან ამ სამუშაოში, ხატავენ, აფერადებენ და შემდეგ ოპტიკური ილუზიის ხერხის დახმარებით ხალისობენ და ტკბებიან თავიანთი არტ ტრანსფორმერებით. ფერი დიდ როლს თამაშობს მოზარდის განვითარება-ჩამოყალიბებაში, ისინი ფერებს გონებაში თავისებურად ალაგებენ და შედეგად ლამაზ, კეთილ ემოციებად უბრუნებენ სამყაროს, ცივი და თბილი ფერები, კონტრასტული და პასტელური, სრული ფერთა გამმა, ფერთა სპექტრი, მოზარდის მუდმივი გზამკვლევია თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის. ხელოვნების ენა ხომ მათი კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია!“
წლევანდელი “ღამის სერენადები” დასკვნითი კონცერტებით თბილისში დაიხურება. 9 ოქტომბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე წარსდგებიან ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). შესრულდება იოჰანეს ბრამსის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ.77 (არანჟ. ილან რეხტმანი); პეტრე ჩაიკოვსკის – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48.
11 ოქტომბერს კი ფესტივალის დასკვნითი კონცერტზე საქართველოს პირველად ეწვევა იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საბალეტო დასი Balletto Di Roma. “ასტორი – ტანგოს საუკუნე” – ასე ჰქვია ქორეოგრაფიულ წარმოდგენას, რომელიც ლეგენდარულ ასტორ პიაცოლას და მის გენიალურ მუსიკას ეძღვნება . საღამოს მონაწილეები არიან: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია.
ფესტივალი “ღამის სერენადები” 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა და 22, 24 და 26 აგვისტოს კი ს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა. ანშლაგითა და ოვაციებით აღსავსე საკონცერტო საღამოების პარალელურად ფესტივალის ფარგლებში იმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ “შემოქმედებითი საქართველო”, აჭარის კულტურის სამინისტრო,ქალაქ თბილისის მერია,ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.