„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.
25 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვირტუოზმა მევიოლინემ, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა ელვინ ხოჯა განიევმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად შეასრულა ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროები.
ელვინ ხოჯა განიევი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ენესკუს, ჰეიფეცის, ოისტრახის, ლიპინსკი-ვენიავსკის კონკურსები და მრავალი სხვ. იგი სტამბოლის IKSV კულტურისა და ხელოვნების პრემიის ლაურეატია. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, რომელთა შორისაა ს მედალი. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი, უკრავს უნიკალურ, 1715 წლის ჯუზეპე გვარნერის ვიოლინოზე „filius Andreae“, ეჟენ სარტორის ხემით. 25 აგვისტოს კონცერტზე მან შეასრულა ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონის“ კადენციები, რომელიც სპეციალურად ბაბუამისისთვის, სერვერ განიევისთვის დაწერა ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა ანტონიო პიროლიმ.
წლევანდელი ფესტივალი, საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ბელა ბარტოკის რუმინული ცეკვები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები და ქართული მუსიკა: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.
23 აგვისტოს კი ს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ააჟღერა მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლასა და სხვათა მუსიკა.
ბათუმის ბოლო კონცერტზე ელვინ ხოჯა განიევმა და ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა და სანდრო ნებიერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზი მოუმზადეს – მათ ერთად დაუკრეს და მსმენელის მქუხარე აპლოდისმენტები და ხანგრძლივი ოვაციებიც დაიმსახურეს.
გიორგი ისაკაძე:
„შესანიშნავი კონცერტით დასრულდა „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი და ტრადიციულად არაჩვეულებრივად მიგვიღო ბათუმელმა მსმენელმა. 2 არაჩვეულებრივი საღამო შედგა. მარიო სტაფანო პიეტროდარკი მართლაც განუმეორებელი და ფენომენალური მუსიკოსია. ელვინ ხოჯა განიევი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ვირტუოზი მევიოლინე. ჩვენმა უნიჭიერესმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა და სანდრო ნებიერიძემ დიდი სიურპრიზი მოგვიმზადეს. 25 აგვისტოს ლიზი და სანდრო იყვნენ სპეციალური სტუმრები. მათ ელვინთან ერთად დაუკრეს. მუსიკოსებს დამსწრე საზოგადოება სცენიდან არ უშვებდა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.. მოხარულები ვართ, რომ ასე წარმატებით დასრულდა ფესტივალის ბათუმური ნაწილი.
რაც შეეხება თბილისს, წინ გველოდება 4 კონცერტი: 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 15 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში უკვე მეორედ, პუბლიკა მოუსმენს იტალიელ დირიჟორს, Orchestra Scarlatti Young-ის და „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორს, ტოსკანას ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორს, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელს, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველს მუსიკის დარგში – ბეატრიჩე ვენეცის. იგი ფესტივალის პარტნიორ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარადგენს იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს – ოტორინო რესპიგის თხზულებას 4 ნაწილად „რომის პინიებს“. ასევე ყველასთვის ცნობილ და წარმატებულ საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტ და კომპიზიტორ სანდრო ნებიერიძესთან ერთად შეასრულებს სერგეი რახმანინოვის ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებს მესამე საფორტეპიანო კონცერტს.
17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება. ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები: ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ბრაზილიელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებენ. სპეციალურად ამ საღამოსთვის, ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელიც გაამდიდრებს სიმებიანი ორკესტრისთვის არსებულ რეპერტუარს.
18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური ეროვნული მუსიკის საღამო შედგება. მასში ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ჩეხი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. „ჩეხური მუსიკის წლის“ აღნიშვნას „ღამის სერენადებიც“ შეუერთდება. სახელგანთქმული პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი შესანიშნავ ქართველ მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკას შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოწვეული სტუმრებიც.
20 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნით საღამოს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბაროკოს მუსიკის ორი წამყვანი შემსრულებელი მევიოლინე ანდრეს გაბეტა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი წარმოადგენენ სპეციალურად ფესტივალისთვის შედგენილ თემატურ პროგრამას „ვივალდი და მეგობრები“.
ლიზი რამიშვილი:
„ფესტივალი „ღამის სერენადები“დაიწყო ბორჯიმში, არაჩვეულებრივი გახსნა იყო და გაგრძელდა ბათუმში კონცერტების სერიით. ახალგაზრდა მუსიკოსის, მევიოლინე ელვინ ხოჯა განიევის კონცერტი იყო საოცრება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა მასთან შეხვედრის საშუალება. მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. სიურპრიზად გადავწყვიტეთ, რომ ბისზე ერთად დაგვეკრა. მიხარია, რომ აქედან დაიწყო ჩემი მონაწილეობა „ღამის სერენადებში“.
რაც შეეხება შემდეგ კონცერტს, 17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება ბრაზილიური კლასიკური მუსიკის საღამო, რომელიც ძალიან საინტერესო და განსხვავებული იქნება. . თუ არ ცვდები, ბრაზილიური კლასიკური მუსიკა საქართველოში ჯერ არ გაჟღერებულა.“
სანდრო ნებიერიძე:
„არაჩვეულებრივად ჩაიარა კონცერტმა. უბედნიერესი ვარ, რომ საოცარი მუსიკა მოვასმენინეთ ფესტივალის სტუმრებს. გვერდს გვიმშვენებდა ქართველი ვირტუოზების კამერული ორკესტრი. ძალიან დიდი მოლოდინითა და ენთუზიაზმით ვემზადები ჩემი 15 სექტემბრის კონცერტისთვის, რომელშიც რახმანინოვის მესამე საფორტეპიანი კონცერტს დავუკრავ კონსერვატორიის დიდ დარბაზში მაესტრა ბეატრიჩე ვენეცისთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ძალიან ლამაზი და საინტერესო საღამო იქნება. იმედი მაქვს მსმენელი ისიამოვნებს, ამიტომაც ყველას სულითა და გულით ვეპატიჟები.“
ელვინ ხოჯა განიევი:
„საოცარი პუბლიკა იყო – ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მუსიკალური. უბედნიერესი ვარ, რომ ასე კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მინდა დიდი მადლობაგადავუხადო ჩემს მეგობრებს ლიზი რამიშვილსა და სანდრო ნებიერიძეს, რომ ჩემთან ერთად ბისზე დაუკრეს. ეს იყო სიურპრიზი მსმენელისთვის. 2 უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსი დადგა ჩემთან ერთად სცენაზე. მადლობა ორკესტრს, საოცარი მუსიკოსები არიან, უნიჭიერესები. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, ძალიან ძვირფასი ფესტივალია ჩემთვის, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩვენი ოჯახის მეგობარია, მსოფლიო მუსიკის ლეგენდაა, საქართველოს ლეგენდაა. უდიდესი პატივია ჩემთვის, რომ ვიცნობდი. მის მიერ დაარსებულ ფესტივალში რომ მივიღე მონაწილეობა და დავუკარი, ამისთვისაც მადლობელი ცარ. ძალიან სამწუხაროა მისი გარდაცვალება. ამ კონცერტზე ყოველი წამი და ყოველი ნოტი ლიანა ისაკაძის ხსოვნას მიეძღვნა.ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში. იმედი მაქვს, რომ ამ „ღამის სერენადებს“ კიდევ ბევრჯერ ვესტუმრები და საქართველოში არაერთხელ დავუკრავ.“
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”. ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, “პალიტრა ჰოლდინგი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.