„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეოთხე

პირველი ნაწილი იხილეთ აქ
მეორე ნაწილი იხილეთ აქ
მესამე ნაწილი იხილეთ აქ
თავი VIII
უკვე გვიანი შემოდგომა იდგა. გარკვეულმა დღეებმაც გაიარეს. ერთ საღამოს, იმ ოქროს ამბების შემდეგ, ლუკა პირველად მოვიდა სახლში. საღამო არც ეთქმოდა, შუადღე იყო უფრო გადასული. მისი ასეთი ადრე მოსვლა, რაღაც უჩვეულოდ მოეჩვენა გიგას, რომ ლუკამაც არ დააყოვნა და უთხრა:
– შენთან მომინდა საუბარი და ორი ბოთლი კარგი ლუდიც მოგიტანე. მე არ ვსვამ და შენ კი გეყოფა, მგონი.
– შენი მოსვლა გამიხარდა და ეგ პათოსი. ამას დამატებული ლუდი, მშვენიერია!
– წარმოთქვა გახარებულმა გიგამ და ლუკას გადაეხვია. ცოლ-ქმარი რომ დაბრუნდნენ სამსახურიდან (რატომღაც ერთად მოვიდნენ იმ დღეს), გაუკვირდათ, მისაღებ ოთახში მაგიდასთან მჯდომი ლუკა გიგასთან ერთად რომ დაინახეს.
– რა კარგია, შვილო, სახლში რომ დამხვდი. –ამოთქვა სიხარულით მარიამმა და განაგრძო. – უკვე ძალიან აცივდა, შენ კი, ისევ მაგ ჯინსის თხელი ქურთუკით დადიხარ.
– არ მცივა, დედა. შენ მაგაზე არ ინერვიულო. –უთხრა ლუკამ ღიმილით და უკვე ფეხზე წამომდგარმა დედას მხრებზე ხელი შემოხვია.
– მე იმის თქმა მინდა, რომ დღეს ძალიან კარგი ქურთუკი გიყიდე. ნახევარ ხელფასზე მეტი მივეცი, შვილო, და ვფიქრობ, რომ ძალიან მოგიხდება. –მარიამი შემოსასვლელისკენ წავიდა, სადაც დიდი სარკეც ეკიდა. – მოდი, აგერ მაქვს და ბარემ აქვე მოირგებ!
– იყის, დედა, მერე გავისინჯავ. – წარმოთქვა უილაჯოდ ლუკამ და ის იყო, კვლავ უნდა დამჯდარიყო სკამზე, რომ ისევ დედის ხმა მოესმა.
– მოდი, შვილო, ნუ მაწყენინებ! ასეთი ხარისხის ქურთუკი, ბევრს არ ექნება ქალაქში.
– კარგი, კარგი. – ჩაილაპარაკა ლუკამ და ნელი ნაბიჯით წავიდა დედიდსკენ, რომელსაც ქურთუკი ჩანთიდან უკვე ამოეღო და სარკესთან შვილს უცდიდა.
კონსტანტინე თავის დაბალ, გაზეთების მაგიდას მისჯდომოდა და იქიდან მხოლოდ რეპლიკებს ისროდა:
– დიდება შენს გამოჩენას, თანაც ასე ადრიანად! –იტყოდა ამისთანა რამეს და შვილს ყურადღებას არ აქცევდა, გაზეთებს აცალკევებდა და მაგიდაზე შლიდა. ამასობაში, გიგაც გავიდა შემოსასვლელში და ლუკას უკვე ჩაცმული ქურთუკი შეუთვალიერა.
– ძალიან გიხდება, ძმაო, მაგარი რამეა!
– მართლა? – გაეღიმა ლუკას.
– ამაში აღარ შეგცივდება, დედა, ნახე რა თბილია. –მარიამმა შიდა მხარეზე მიანიშნა.
– კარგი, გასაგებია. მადლობა, დედა. ისე, რატომ მოიკელი ამდენი ფული ამისთვის?
– აბა, დედიკო, ამ თხელი მოსაცმელით, სადამდე უნდა გევლო?!
ლუკამ ქურთუკი გაიხადა და შემოსასვლელში საკიდზე ჩამოკიდა.
იმ საღამოს, სანამ დაწვებოდნენ, გიგამ უთხრა:
– ყოველთვის დილით ადრე მიდიხარ და იქნებ ხვალ ერთად გვესაუზმა.
– მაგაზე არ გაწყენინებ, ძმაო, ასე იყოს. – უთხრა ლუკამ და მხარზე ხელი დაადო.
დილა რომ გათენდა, ცოლ-ქმარი ადრიანად წავიდნენ. ლუკა და გიგა ჩაის სვამდნენ, რომ შემოსასვლელი კარიდან ზარის წკარუნი მოისმა.
– შენ იჯექი, მე გავალ! – წარმოთქვა გიგამ და შემოსასვლელისკენ წავიდა. კარი რომ გამოხსნა, დაინახა ძალიან გამხდარი, დაბალი და სიცივისგან აბუზული ბიჭი, რომელმაც უსუსური გამომეტყველებით იკითხა:
– ლუკა სახლშია? უბანში ვერ ვნახე და… –ჩაილაპარაკა თავისთვის.
– შემოდი! – უთხრა გიგამ და მისაღები ოთახისკენ გაუძღვა.
– ლუკამ ეს ბიჭი რომ დაინახა, ფეხზე წამოიჭრა და მისკენ წავიდა.
– სად ხარ, გიო, ძმაო? რამდენი ხანია, არ მინახიხარ! – ლუკამ გულში ჩაიკრა სტუმარი. შემდეგ, მაგიდასთან სკამი გამოუწია და უთხრა. – დაჯექი და მეც ახლავე მოვალ! – ის სამზარეულოში გავიდა. მოკლედ, თუ რამე საჭმელი იყო იქ, ყველაფერი გამოიტანა და წინ დაუხვავა ახალ მოსულს. – მოდი, ერთად ვჭამოთ! – ლუკას თვალები გაცისკროვნებოდა. ბიჭი კი, ისევ უხერხულად აბუზულიყო. – ესეც ჩვენი ძმაა, გიგა. ამიტომ, ნუ გერიდება ნურაფრის, ჭამე, გთხოვ. – ეხვეწებოდა ლუკა და რაღაც განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა მის მიმართ.
ბიჭმა საცოდავი გამომეტყველებით, ცოტაოდენი საჭმლის ჭამა ძლივს მოახერხა და ლუკას სევდიანი, მაგრამ იმედით სავსე თვალებით მიაჩერდა.
– ამ დღეებში რომ არ გამოჩენილიყავი, მე ვაპირებდი უკვე ამოსვლას შენთან. – უთხრა ლუკამ ოდნავ სერიოზული სახით და მეგობარს მიაჩერდა.
– მეხათრება ყოველთვის შენთან მოსვლა. განსაკუთრებით აქ, სახლში და ამიტომ არის, რომ უბანში გეძებ ხოლმე. – ამოთქვა კვლავ უსუსური ხმით ბიჭმა და ისევ ლუკას შეხედა საწყალი თვალებით.
– ასეთი რამ აღარასოდეს მითხრა! ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, გიო! – მიუგო ლუკამ და გიგას მოეჩვენა, რომ თითქოს ყელში სიყვარულის, სინანულის და შეცოდების გრძნობა ერთად მოაწვა მას.
– ხშირად ამიტომაც არ ჩამოვდივარ, ქალაქელი ბიჭები სხვანაიარად მიყურებენ, როგორც სოფლელს. შენთან უბანშიც რომ მოვდივარ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, ამ სოფლელთან რა საქმე აქვსო და მაგისი მეხათრება, მართალი რომ გითხრა.
– რაააა! – თვალები აენთო ლუკას. – ჩემი მეგობრები შენ ასეთი თვალით არასოდეს შემოგხედავენ და, თუ ვინმე გაბედავს და მაგ ნიშნით სადმე რამეს გაგრძნობინებს, შენს ფეხებთან დავმარხავ! ეს გახსოვდეს ყოველთვის! სადაც გინდა იყო და რამე პრობლემა შეგექმნას ვინმესთან, ამაყად განაცხადე, რომ ჩემი ძმა ხარ, ნამდვილი ძმა! მერწმუნე, დედაქალაქში კი არა, მთვარეზე მოვძებნი და იქ გადავჭრი შუაზე შენს შეურაცხმყოფელს! ასეთი აზრი თავში აღარ მოგივიდეს, გიო, ძმაო! – ახლო მივიდა მეგობართან ლუკა, ხელი გადახვია და გულზე მიიხუტა. – სანამ მე ცოცხალი ვარ და მაშინაც, თუ მე აღარ ვიქნები, ჩემი სახელი მაინც დაგიცავს! – უთხრა და შემოსასვლელისკენ წავიდა. – გიო, მოდი ერთი წუთით! – გამოსძახა და ბიჭიც უკან მიჰყვა. – ეს ქურთუკი გადაიცვი! – საკიდიდან ჩამოხსნილი, მისთვის წინა დღით ნაყიდი თბილი მოსაცმელი გაშალა და გიორგის მიუახლოვდა. – უკვე ცივა და გაგათბობს.
– ეს დიდი მექნება, ლუკა! ასეც არ იყოს, შენ რას ჩაიცმევ?
– შენ ჩემზე ნუ ფიქრობ, მოვნახავ რამეს. – უთხრა ლუკამ და თავისი ხელით შემოაცვა ძვირფასი ქურთუკი.
– ძალიან დიდი მაქვს, სახელოებიც კი. – უხერხულად ჩავარდა ბიჭი.
– სახელოებს გადაიკეცავ, თუ შეგიშლის. მთავარია, თბილად იქნები. – წარმოთქვა გახარებულმა ლუკამ, როდესაც მეგობარს თავისი ქურთუკი საბოლოოდ მოარგო. – ეს ერთი პრობლემა მოგვარდა. ახლა ჩავიდეთ გასტრონომში და პროდუქტებზე ვიზრუნოთ. ნუ გეშინია, მანქანით გაგაგზავნი და შენი საზიდი არ იქნება.
ერთი სიტყვით, ლუკამ მანქანის საბარგული თითქმის გაავსო და თუ რამე ჰქონდა უკანასნელ მანეთამდე, გიოს ჩაუდო ახალი ქურთუკის შიგნითა ჯიბეში.
მსგავს სცენას გიგა არასოდეს გადაჰყრია. ასეთი უანგარო მეგობრული სიყვარულის გამოხატულება, მას არ უნახავს. იდგა მათ გვერდით და გაოცებული შეჰყურებდა იმ გამომეტყველებით, რომ სახლში ასვლისთანავე, ლუკასგან შეიტყობდა მისი მეგობრის ვინაობასაც და მათი მეგობრობის წარმოშობასაც. თუმცა ხვდებოდა, რომ ეს ყოველივე, საბავშვო სახლთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მაღლა ასვლისთანავე, ლუკა მისაღებ ოთახში სკამზე ჩამოჯდა, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ხელებში ჩარგო თავი. ხუთ წუთს მაინც იჯდა ასე ხმაამოუღებლად. გიგა კი ელოდა, როდის გამოერკვეოდა ის ამ ფიქრებიდან. ცოტა ხნის შემდეგ, ლუკამ ხელები დაუშვა. მის თვალებში, სევდასთან ერთად, თითქოს დიდი ბრაზიც მოსჩანდა და ეს ბრაზი, უფრო ცხოვრების მიმართ უნდა ყოფილიყო მიმართული, რადგან ადამიანთა ასეთ დიფერენციაციას ხომ სწორედ ის ქმნის.
– შენი ინტერნატელი მეგობარია, ალბათ… –ჩაილაპარაკა გიგამ, რომელსაც ოთახში შემოსვლიდან, თვალი არ მოუცილებია ლუკასთვის.
– კი. – აღმოხდა ჯერ კიდევ თვალგაშტერებულ ლუკას. – არავინ ჰყავს ქვეყანაზე, ნათესავებს ვგულისხმობ. – თქვა და ცოტა გამოერკვა. – საბავშვო სახლმა ოთახი გამოუყო და იქვე, სოფელში დარჩა საცხოვრებლად.
– ბევრი იყო კიდევ თქვენთან ასეთი, რომელსაც არავინ ჰყავდა? – ჰკითხა ისევ გიგამ.
– საკმაოდ, მაგრამ ყველაზე სუსტი და მორიდებული ეს იყო. ზოგი რუსეთში წავიდა. ზოგიც აქ არის. ყველასთან მაქვს კავშირი. არავის მოვწყვეტილვარ, მაგრამ სხვებზე უფრო მისახედი ეს არის.
– ჩვენთანაც იყვნენ ასეთი ბავშვები, რომლებსაც არდადეგებზე არავინ მოსდიოდათ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც შაბათ-კვირასაც კი აკითხავდნენ. შაბათს, შუადღე რომ მოატანდა, სწავლის დამთავრებისთანავე, ბავშვები მთავარ ჭიშკარს მივაწყდებოდით ხოლმე. ავტობუსი რომ გაჩერდებოდა და რომელიმეს, ან მშობელი, ან ნათესავი გამოჩნდებოდა, ატყდებოდა ყიჟინა და ულოცავდნენ იმ ბავშვს ახლობლის გამოჩენას. მე ყოველთვის პირველ რიგში ვიდექი და ჩემთან მომსვლელს ველოდი.
– და ყოველთვის მოგდიოდა მნახველი? –წარმოთქვა ფიქრებიდან მთლიანად გამორკვეულმა ლუკამ.
– შენ წარმოიდგინე, არა. ძალიან იშვიათად, რომ ვინმეს გავხსენებოდი. მახსოვს ერთხელ, ახალი წელი დგებოდა. უკანასკნელი ბავშვი რომ წაიყვანეს სკოლიდან და უკვე დაბინდდა, მაშინ მივხვდი, რომ მე მარტო ვრჩებოდი სამსართულიან კორპუსში. იმ ღამით ძიძაც წავიდა სახლში, როცა იფიქრა, რომ დამეძინა. მე კი, რა დამაძინებდა და, როცა მივხვდი, რომ ძიძაც აღარ იყო, ჩუმად გამოვიპარე კორპუსიდან და მესერზე გადავძვერი. თბილ ქურთუკებს კარადაში კეტავდნენ, როცა დასაძინებლად შევდიოდით. ამდენად, თხელი მოსაცმელით მომიხდა გარეთ გამოსვლა. ძალიან ხშირი თოვლი მოდიოდა და მალე დამისველა ტანსაცმელი. ერთმა მთვრალმა კაცმა ჩამოიარა და, რომ დამინახა, გაჩერდა და მკითხა, ვის ელოდებიო. დედას-მეთქი, ვუპასუხე და ტირილი დავიწყე. მან ჩვენი სკოლის გუშაგთან მიმიყვანა და იქ გავთბი ღუმელთან. – დაამთავრა გიგამ და თავი ოდნავ დახარა. – შენ სად იდექი მაგ დროს, ლუკა? –ჰკითხა ისე, რომ თავი არ წამოუწევია.
– იმ ბავშვებთან, რომლებსაც არასოდეს არავინ მოსდიოდათ, სანახავადაც კი.
– რატომ, შენები ხომ გნახულობდნენ?
– კი, ყოველ შაბათ-კვირას, ნათქვამი მაქვს ეს შენთვის, მაგრამ მე იქ ვიდექი, მათთან.
– და მიზეზი ამისი რა იყო? – ჰკითხა გიგამ და ლუკას მიაჩერდა.
– რა ვიცი, მეცოდებოდნენ და მეც მინდოდა, მათსავით არავინ მომსვლოდა.
მიუხედავად იმისა, რომ გიო დიდი სიყვარულითა და იმედებით გააცილა, სახლში ამოსვლისთანავე, ლუკას უხასიათობა შეეტყო. თითქოს აღარც საუბარი სურდა და რაღაცაზე ფიქრობდა. გიგამ ეს შეატყო და მისი მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, სხვა საკითხზე გადაუტანა საუბარი. მოუყვა იმ ოქროს მოტანისა და უკან დაბრუნების ამბავი. ლუკა ფიქრებით, მართალია, სხვაგან იყო, მაგრამ თავისი დიდბუნებოვნებიდან გამომდინარე, მაინც უსმენდა გიგას. უეცრად, რაღაც დოზით, კიდევ გამოიხმო შორს წასული აზროვნება და ჩაილაპარაკა:
– მათგან სხვაგვარ მოქმედებას არც მოველი და არც იმის მომხრე ვარ, რომ ქრთამით იცხოვრონ, მაგრამ ასეც არ შეიძლება.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა გიგამ.
– ლუკას ფიქრები თითქოს დროებით სხვა მიმართულებით წავიდა. ცოტა ხნით ჩაფიქრდა და განაგრძო:
– ერთი ბიჭია, ჩემი ხნის. სხვა უბანში ცხოვრობს. ცდილობს, რომ ჩემთან ახლოს იყოს, მაგრამ ვატყობ, რომ ჩვენი უბნის ბიჭებს ერიდება. მამა ყავს დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის პროკურორის მოადგილე. სახლში მიმიპატიჟეს რამდენჯერმე. აქედან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობენ, ასევე, პრესტიჟულ უბანში. სამსართულიანი სასახლე აქვთ, ოთხმეტრიანი გალავნით გარშემორტყმული. შეგნით რომ შეხვალ, თუ განლაგება არ იცი, შეიძლება, გამოსასვლელი ვეღარ იპოვნო. ყველა ოთახში ანტიკვარული ავეჯი უდგათ. ამ ბიჭს ოთხი კარადა აქვს, მხოლოდ თავისი ტანსაცმლით გამოვსებული და რამდენიც მივალ, წამოსვლისას, გამომიხსნის ამ კარადებს და მთავაზობს, რაც გამიხარდება, ჩამოვხსნა და წამოვიღო. მათი ასეთი ქმედება გასაგებია, რომ ამ არეულ ქვეყანაში რომ წაიფორხილონ, ჩემი მშობლები დაეხმარნენ, მაგრამ ამის მაგალითად არ მომიყვანია ეს. არც იმისთვის მითქვამს, რომ ასეთი ცხოვრება მხიბლავს და მაინტერესებს. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიღაც ერთი რაიონის პროკურორის მოადგილე როგორ ცხოვრობს, მაშინ, როდესაც, თანამდებობრივი თვალსაზრისით, დედაჩემის მეათასედსაც კი არ წარმოადგენს. ყოველივე ამის შემდეგ, მე ის კი არ მსურს, რომ სიმდიდრის მოხვეჭაში გავეჯიბროთ ვინმეს, რაც არასოდეს ფიქრადაც კი არ გამივლია, არამედ მხოლოდ ის მინდა, რომ ამაზე ცოტა უკეთ მაინც გამოიყურებოდეს ჩვენი საცხოვრებელი. ვცხოვრობთ ქალაქში ყველაზე პრესტიჟულ კორპუსში და ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ოჯახი. შენ გგონია, რომ ვინმეს ამის წარმოდგენა შეუძლია?! ცოტა უკეთ, ნამდვილად შეგვიძლია, ვიცხოვროთ, ისე, რომ არ დაირღვეს ჩვენი ცხოვრების წესი. გული სწორედ ამაზე მწყდება. – ლუკა შეჩერდა და მცირე ხნით კიდევ ჩაფიქრდა. შემდეგ გიგას შეხედა, გაუღიმა და უთხრა. – მე წავალ ახლა და რამდენიმე დღე ვერ მოვალ. თუ ჩემი ნახვა გახდება საჭირო, იცი, რომ უბანში ვმოძრაობ. აბა, არ მოიწყინო უჩემოდ! არ მინდა ხოლმე, მარტო რომ გტოვებ, მაგრამ საქმეები მაქვს.
ბიჭები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ლუკამ, სანამ სახლიდან გავიდოდა, საკიდიდან თავისი გაცრეცილი ჯინსის თხელი ქურთუკი ჩამოხსნა და გადაიცვა. შემდეგ გიგას შეხედა. დამშვიდობების ნიშნად, კიდევ ერთხელ გაუღიმა და გასასვლელი კარი მიიხურა. გარეთ უკვე ძალიან ციოდა. გიგა საძინებელ ოთახში დაბრუნდა, სკამზე ჩამოჯდა და მაგიდაზე ხელი ჩამოდო. მის თავში წარმოქმნილი ფიქრები, მხოლოდ ლუკას გარშემო ბრუნავდა. მისი გონების თვალი, დიდი დაკვირვებით მიუყვებოდა იმ კადრებს, როდესაც ის, თავის ახალ და თბილ ქურთუკს მეგობარს აცმევდა. ამის შემდეგ, ამ მოქმედების გვერდით ჩნდებოდა, ორიოდე წუთის წინ თხელი მოსაცმელით სიცივეში გასასვლელად გამზადებული ლუკას გაღიმებული სახე, როცა მან გიგას გამოხედა. ცხოვრებაში ადამიანი ზოგჯერ დგება ისეთი მომენტის წინაშე, რომელსაც იქ, იმ დროს, ახსნას ვერ მოუძებნის. ეს ამოუხსნელი მოქმედება, ლუკას ის საოცარი დამოკიდებულება იყო მეგობრისადმი, რომლის ქმნაც, ღვთისგან მადლმინიჭებულ ადამიანებს ძალუძთ მხოლოდ.
თავი IX
ხუთი დღე არ გამოჩენილა ლუკა. და აი, მეხუთე დღის საღამოს გვიან მოვიდა. კონსტანტინე ბრაზობდა, რომ სახლშიც არ რეკავდა. ამიტომ, როცა ლუკა შინ დაბრუნდა ისევ იმ თხელი ჯინსის ქურთუკით, მამამ უკვე იფეთქა:
– სად ხარ, სად დადიხარ? ან რა უქენი იმ თბილ ქურთუკს, დედამ რომ მოგიტანა? გარეთ ცივი ქარბუქი ანგრევს ყველაფერს და ეს ამ თხელი მაისურით დადის ამ ყინვაში!
– რა მოგივიდა, მამა! ვიჩხუბე, დამეხა და გადავაგდე! აბა, დახეულს აქ ხომ არ მოვიტანდი?! შენ რა, არ გიჩხუბია?! – ლუკამ პირველად შეუბრუნა მამას სიტყვა და არა უხეშად, არამედ უფრო დამშვიდება რომ გამოეწვია მასში.
კონსტანტინეს ამღვრეულ გონებაში კი, პირიქით, უკურეაქცია გამოიწვია და ხმის ტონს მეტად აუწია.
– შენ, ალბათ, ვერ გრძნობ, ოჯახს რომ სპობ და ანადგურებ!
ლუკამ დახრილი თავი ნელა წამოსწია და გაცეცხლებულ მშობელს შეხედა. რამდენიმე წამში ფეხზე წამოდგა და მისაღები ოთახიდან გავიდა. კონსტანტინემ რა დაინახა, რომ ის თავისი ოთახის მაგივრად, გასასვლელისკენ წავიდა, მის დასადევნებლად, მოწყვეტით გავარდა ოთახიდან. მას გიგაც უკან მიჰყვა. ისინი როდესაც კარში გავიდნენ, ლუკა უკვე შემოსახვევ კიბეზე, ანუ პირით მათკენ დაბლა ჩარბოდა, არც თუ ისე სწრაფად.
– წადი და ნუღარ მოხვალ! – ჩასძახა კონსტანტინემ შვილს. – დაგვასვენე ოჯახი! როცა გვეცოდინება, რომ აღარ მოხვალ, აღარც დაგელოდებით!
უეცრად ლუკა შეჩერდა და კიბის თავში მდგარ მამას ამოხედა. იმ თვალების და მისი სახის გამომეტყველების აღწერა, შეუძლებელია. აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: მის მზერაში საკუთარი სიცოცხლე, თითქოს უკვე ზედმეტად მიიჩნეოდა. რამდენიმე წამს გაგრძელდა ეს ყველაფერი. შემდეგ, ჯერ თვალები დახარა, რომელსაც ნელი მოძრაობით თავის დახრაც მიაყოლა და შენელებული სვლით გააგრძელა კიბეზე ჩასვლა. ლუკა რომ თვალს მიეფარა და მისი ფეხის ხმაც შეწყდა, მაღლა მდგომები მაშინ შევიდნენ სახლში. გიგას იმდენად ცუდად მოხვდა მშობლის სიტყვები და იმდენად მძიმედ აღიქვა ლუკას ამოხედვა, რომ გაბედა და ანერვიულებულ უფროს მეგობარს უთხრა:
– შეგეძლო, მასეთი ფორმით არ გამოგეხატა სათქმელი.
კონსტანტინეს არაფრის გაგონება არ უნდოდა, კვლავ ბობოქრობდა და შვილისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვდა.
იმ საღამოს, გვიან ღამემდე, გიგა კონსტანტინეს არ მოსცილებია გვერდიდან და ცდილობდა, დაემშვიდებინა. საუბარში თავის აზრს მოკრძალებულად აფიქსირებდა და ამბობდა, რომ ლუკას მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვლილიყო. მარიამს ამ დავიდარაბაში ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რადგან მოცემულ სიტუაციაში, რომელიმე მხარე უნდა გამხდარიყო. ღამის ორ საათს გადაცილებული იყო, რომ გიგა მისაღები ოთახიდან გამოვიდა და თავისი საძინებლისაკენ წავიდა. იმ ღამით თვალი საერთოდ არ მოუხუჭავს, რადგან ვერ იქნა და ვერ გაუნელდა გონებაში ლუკას ამოხედვა. ირიჟრაჟა თუ არა, გიგამ ფრთხილად გამოიხურა სახლის კარი და ლუკას მოსაძებნად უბანში ჩავიდა. იქ, სადაც მისი მეგობრები იყრიდნენ ხოლმე თავს, იმ დილაადრიან, კაციშვილი არ იყო გარეთ და მასაც მოუწია, საათნახევარი მაინც, წინ და უკან სიარული. ბოლოს ვიღაც გამოჩნდა და მას ჰკითხა ლუკას შესახებ. ახალგაზრდა იცნობდა გიგას და ერთი წუთით მოცდა სთხოვა. სად იყო და სად არა, ლუკაც გამოჩნდა. შუბლშეკრული, ცუდის მოლოდინით მიუახლოვდა გიგას.
– რამე მოხდა? – იკითხა ძალიან სერიოზული სახით.
– რა უნდა მომხდარიყო, პირველად ხომ არ ჩამოვსულვარ შენს მოსაძებნად?!
– არა, გამიკვირდა, ასეთი დილით აქ არ მინახიხარ და იმიტომ. – თითქოს შვებით ამოისუნთქა ლუკამ.
– წუხელის, სამის ნახევარი იქნებოდა, ალბათ. მე კონსტანტინეს ვაწყნარებდი. დედაშენი შენი წამოსვლის შემდეგ, თავის საძინებელში შევიდა და აღარ გამოსულა. მისაღები ოთახიდან ფეხაკრეფით რომ გამოვდიოდი, მარიამს რომ არ გაღვიძებოდა მიტომ, ჩუმი ქვითინის ხმა შემომესმა. დედა მაინც დაინდე, ცოდვაა. აი, ამის სათქმელად ჩამოვედი აქ.
ლუკამ თავი გვერდით მიაბრუნა და კარგა ხანს იყო ასე მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით ჩაფიქრებული. შემდეგ გიგას მიაპყრო მზერა. ცოტა ხანს ასე უყურა, თითქოს უფრო თვალგაშტერებით. მერე ოდნავ დახარა თვალები და ასეთი რამ უთხრა.
– გადაეცი დედაჩემს, რომ არასოდეს იტიროს ჩემზე. მე ყოველთვის მესმოდა მისი და ვიცი, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. – ლუკამ დახრილი თვალები კვლავ წამოსწია და გიგას შეხედა. – ისიც აუცილებლად გადაეცი, რომ მე ის ძალიან მიყვარს და ფიქრადაც კი არ გაივლოს, რომ ჩემს გამო ის ოდესმე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მის უმწიკვლოდ განვლილ ცხოვრებას ჩემგან საფრთხე დაემუქრება. ჩემი მშობლები ჩემგან არასოდეს დაზარალდებიან. – პატარა პაუზა კიდევ გააკეთა და განაგრძო. – მამა კი მეჩხუბება, მაგრამ, – თითქოს ოდნავ გაეღიმა. – ისიც ხომ ჩემი მშობელია. როგორ შეიძლება, ვიფიქრო, რომ ან ერთს და ან მეორეს, ჩემთვის ცუდი უნდათ?! მინდა გადასცე დედაჩემს ეს ყველაფერი და ისიც დაამატე, რომ ჩემი დღევანდელი მოქმედება, ოდესღაც იძულებით შეზღუდული თავისუფლების კომპენსაციაა მხოლოდ. ესეც არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს და გარკვეული დროის შემდეგ, მეც დავუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას. ეს დრო მინდა, რომ მქონდეს ცოტა ხნით მაინც. – თქვა და თავი დახარა. ჩანდა, რომ რაღაცას კიდევ სჯიდა გონებაში, რომ უეცრად გიგას თვალი გაუსწორა, რასაც მიაყოლა ბოლო სიტყვები. – დედაჩემს აუცილებლად გადაეცი, რაც გითხარი და ისიც, რომ ჩემს გამო აღარასოდეს იტიროს! – წარმოთქვა სიყვარულით სავსე თვალებით ლუკამ და დასამშვიდობებლად გიგას გადაეხვია.
ისინი ერთმანეთს დასცილდნენ და საპირისპიროდ გაუყვნენ გზას. რაღაც მომენტში, გიგა გაჩერდა და უკან მიმავალ ლუკას გახედა, რომელიც თხელი ჯინსის ქურთუკით, სიცივეში აბუზული სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. და აი, თითქოს მანაც იგრძნო რაღაც წამიერად და ისიც შეჩერდა, გიგას გამოხედა, ხელი აუწია და სვლა განაგრძო.
იმ საღამოს გიგა დაბინდებისას მივიდა სახლში. ცოლ-ქმარი სამსახურიდან ჯერ მოსულები არ იყვნენ და ისიც, მისაღებ ოთახში დაბალ მაგიდას მიუჯდა. პრესის გადახედვას უფრო მექანიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე რაიმეს მიმართ ინტერესი. თითქოს აფორიაქებულიც ჩანდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში სათქმელის ფორმას ეძებდა, –ორივესთვის ერთად გადაეცა ლუკას სიტყვები, თუ როგორც მან დააბარა – მხოლოდ დედისთვის? ლუკასთვის ისინი მშობლები იყვნენ და რომელს რას ეტყოდა ცალკე, ეს მისი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ გიგასთვის, კონსტანტინეს გარეშე მარიამისთვის იმ დანაბარების გადაცემა, ვერ თავსდებოდა მეგობრულ ურთიერთობაში. ამიტომ, სანამ ისინი სამსახურიდან დაბრუნდებოდნენ, თავის საძინებელში გავიდა და საწოლზე წამოწვა. ფიქრობდა, რომ დაღლილობის მოხსნასთან ერთად, იქნებ სათქმელის სწორი ფორმისთვისაც მიეგნო.
ერთი საათის შემდეგ კონსტანტინე მოვიდა და მაშინვე გიგას შეეხმიანა – ადექი, ვივახშმოთო, მაგრამ გიგამ დაღლილობა მოიმიზეზა და თან დაამატა, რომ ცუდადაც გრძნობდა თავს. მარიამიც მალევე მოვიდა და ცოლ-ქმარი ერთად შეუდგა ვახშმის სამზადისს.
იმ ღამით, საწოლზე უღონოდ მიწოლილ გიგას, ტანსაცმლიანს ჩასძინებია და შუაღამე გადასულს, ცოტა შემცივნებულს გამოეღვიძა. ასეთი აფორიაქებული არასოდეს ყოფილა, – ფიქრის მიმართულებაც კი არ ჰქონდა შერჩეული. აიღებდა თუ არა მისი გონება რაიმე გეზს, იმ წამსვე რაღაც მშფოთვარე გრძნობა გადაეღობებოდა და იმის საშუალებასაც კი არ აძლევდა, ამ გონებრივი ქაოსის გამომწვევ მიზეზს, სულ მცირედით მაინც ჩაჭიდებოდა. ის ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი გაიხადა და უკვე საწოლში მწოლიარე შეეცადა ფიქრებისაგან განთავისუფლებას. დიდი ძალისხმევით, თითქოს ფიქრებიც მოიშორა, მაგრამ მშფოთვარე გრძნობებს ვერაფრით გაუმკლავდა. რატომღაც, მოხუჭულ თვალებშიც კი, ლუკას სახე არ სცილდებოდა და მისი მეხსიერების ღიად დარჩენილი კარიდან, მასთან დღევანდელი შეხვედრის კადრებს, სხვადასხვა ფორმით აწვდიდა. ამ ყველაფერს ემატებოდა, მის ყურში პერიოდულად წარმოქმნილი ლუკას გამოკვეთილად ნათქვამი ბოლო წინადადება: “გადაეცი დედაჩემს, რომ ჩემზე აღარასოდეს იტიროს”!
დილა, როგორც იქნა, გათენდა და გიგაც ძლივს წამოდგა ლოგინიდან. ასეთი დაღლა და ამასთან, უმწეო მდგომარეობა, მას არასოდეს უგრძვნია. ოთახიდან რომ გამოვიდა, ცოლ-ქმარი წასული დახვდა. რა უნდა გაკეთებინა, ან სად წასულიყო, ისიც ვერ გაერკვია. იჯდა მთელი დღე მისაღებ ოთახში და უაზროდ მიუყვებოდა არაფრის მთქმელ ფიქრებს. საღამოც არ ეთქმოდა იმ დროს, როცა კონსტანტინე მოვიდა, რომელსაც მალევე მარიამიც მოჰყვა. გიგა ლუკას დანაბარების გადაცემაზე საერთოდ ვეღარ ფიქრობდა. ის იჯდა დაბალ მაგიდასთან და მასზე გაშლილ გაზეთებს უაზროდ დაჰყურებდა. მარიამი სამზარეულოში სადილს ამზადებდა, კონსტანტინეს კი ტანსაცმელი უკვე გამოეცვალა და სამსახურიდან მოტანილ წიგნს ჩაჰკირკიტებდა ფეხზე მდგომარე. ოჯახში ისეთი უჩვეულო გარემო სუფევდა, რომ თითქოს, თითოეული მათგანი რაღაცის მოლოდინში იყო. აი, ამ დროს ტელეფონის ზარი აწკრიალდა, რომელსაც იმ მომენტში, იქვე ახლოს მყოფმა მარიამმა უპასუხა. კონსტანტინემ, რომელსაც ასეთი რამ არასოდეს სჩვეოდა, წიგნს თავი მიანება და ყურადღება მეუღლეზე გადაიტანა. გიგაც დაიძაბა, რომ ამ დროს, მარიამის საკმაოდ მაღალი ხმაც გაისმა.
– რააა?
კონსტანტინემ წიგნი მაგიდაზე დადო და სწრაფი მოძრაობით მეუღლისკენ გაიჭრა, რომელსაც უმალ გიგაც მიჰყვა უკან. მარიამმა ყურმილი ცივად დადო და მეორე ხელით ტელეფონის ვიწრო და მაღალ მაგიდას დაეყრდნო.
– რა ხდება? – შესძახა კონსტანტინემ, რომელმაც ცოლის, თითქოსდა, მოშვებულ სხეულს ხელი შეაშველა.
– რისიც მეშინოდა… – ამოთქვა მარიამმა და გონი წაერთვა.
კონსტანტინემ იქვე ახლო მდგარ სკამზე დასვა და სახის მოზელვით უმალვე მოიყვანა მეუღლე გონს. ქალბატონი მარიამი, უსაზღვრო შინაგანი ძალის პატრონი იყო და როგორც კი თვალი გაახილა, მის წიაღში იმ წამსვე გამოჩნდა ძალა, რომელსაც ფეხზე უნდა წამოეყენებინა. სანამ წამოდგებოდა და ეს მოხდა ძალიან სწრაფად, მანამდე, გაყინული გამომეტყველებით, ორი სიტყვა გამოსცრა:
– ჩაიცვით! მივდივართ!
– რა ხდება, დაჭრილია? – ამოიგმინა კონსტანტინემ, რომელსაც მეუღლემ არაფერი უპასუხა, გარდა ერთისა:
– მომაწოდეთ ქურთუკი!
მანქანა სწრაფად მიდიოდა დედაქალაქის პირველი საავადმყოფოსკენ. შესასვლელში პოლიციის მანქანა დახვდათ და წინ გაუძღვათ. და, როდესაც წინა მანქანა რომელიღაც შენობასთან გაჩერდა და უკან მიმავალმაც გვერდით მიუჩერა, კონსტანტინემ მაშინ შეხედა კარის თავზე დაკიდებულ წარწერას – “მორგის განყოფილება”. მან თავი დაღუნა და სახე დაეპრანჭა. მარიამი თვალგაშტერებული და გათიშული იჯდა, სანამ კარი არ გამოუხსნეს და მოწიწებით არ მიმართეს –გთხოვთ! პოლიციაც და პათანატომებიც, რომლებიც კარში ელოდნენ, ოჯახის წევრებთან ერთად შევიდნენ შენობაში. მაცივრის ოთახს რომ მიადგნენ, ჯერ პათანატომები დაწინაურდნენ. შემდეგ, ოჯახის წევრებს ანიშნეს მოკრძალებით, რომ შეჰყოლოდნენ, რომლებსაც უკვე პოლიციელებიც ამოსდგომოდნენ უკან. შიგნით, ზეწარგადაფარებული ექვსი მიცვალებული ესვენა. ერთ-ერთი ექიმი წავიდა იმ მიცვალებულისკენ, რომელზედაც არსებობდა ეჭვი, რომ მათი შვილი იყო. მარიამმა ხელით შეაჩერა ყველა, პოლიციელებიც კი, რომლებიც ექიმთან ერთად ამოცნობის დასაფიქსირებლად დაძრულიყვნენ.
– მე თვითონ ვნახავ! – თქვა მკაცრი სახით მარიამმა და ყველა იქ მდგომი შემოსასვლელი კედლის გასწვრივ განლაგდა. კონსტანტინე კართან იდგა და იქიდან აკონტროლებდა მეუღლის მოძრაობას. ხოლო გიგა, მოპირდაპირე მხარეს დადგა, სახეზე გადახდილი მიცვალებულების უკეთესად შეხედვა რომ შესძლებოდა. მარიამმა პირველ მიცვალებულს გადახადა და მალევე გადააფარა ზეწარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის არ იყო მისი შვილი. ის ძალიან ნელა მოძრაობდა და სახეზე ეწერა, რომ არაფრით უნდოდა მიცვალებულთა შორის ლუკას აღმოჩენა. იგი გასალკლდევებული სახით მიუახლოვდა მეორე მიცვალებულს, რომელსაც დახედა და ისევ მალევე გადააფარა ზეწარი. შემდეგ მესამესთან მივიდა და ცოტა ხნით შეჩერდა. რას ფიქრობდა ამ დროს დედა, ძნელი ამოსაცნობი იყო, მაგრამ ფაქტია რომ რკინის ქალბატონს ერთობ უჭირდა მოძრაობა. მეხუთე მიცვალებულთან რომ მივიდა და სახეზე გადახადა, ცოტა დიდ ხანს შეყოვნდა და თითქოს ზედმიწევნით დაუთვალიერა ნაკვთები. მიცვალებულს, რომელსაც მარიამი ათვალიერებდა, ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი და სახე და მთელი თავიც, იმდენად შესივებული და შეშუპებული ჰქონდა, რომ წარმოუდგენელი იყო მისი რაიმე ფორმით ამოცნობა, მითუმეტეს, ლუკა ძალიან დაბალ თმას ატარებდა. იქვე ახლოს, მოპირდაპირედ მდგარ გიგასაც კი, ერთი პროცენტითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ ეს ლუკა იყო. ხოლო რაც შეეხება მარიამს, საგამოძიებო ორგანოებში დაბერებულ ქალბატონს, არ უნდა გასჭირვებოდა საკუთარი შვილის ამოცნობა, მაგრამ მასში დედის ინსტინქტმა გზა გადაუკეტა პროფესიულ გამოცდილებას და მანაც ფრთხილად გადააფარა ზეწარი მიცვალებულს. რჩებოდა ერთი გარდაცვლილი და მარიამიც მისკენ დაიძრა. მის სახეზე დედური გრძნობა, თითქოს საგამოძიებო ორგანოებზე გამარჯვებას შეუმჩნევლად ზეიმობდა, რომ ამ დროს, კართან მდგომი კონსტანტინეს ხმა მოისმა
– შეჩერდი, მარიამ!
მარიამი კი შეჩერდა, მაგრამ რამდენიმე წამის განმავლობაში არ შემობრუნებულა. მის, თითქოსდა, ოდნავ დამშვიდებული დედის სახეს, მეუღლის ხმისგან გამოწვეულმა უარყოფითმა გრძნობებმა გადაუარა და გამომეტყველება კვლავ გაუმკაცრა. ის ძალიან ნელა შემობრუნდა და მეუღლეს შეხედა, რომელმაც განადგურებული ადამიანის ხმით ამოთქვა:
– ეგ არის ჩვენი შვილი…
მარიამმა ერთხანს უყურა მეუღლეს. შემდეგ მზერა მიმოატარა კედელზე აკრულ პოლიციის მაღალჩინოსნებს, რომლებმაც დასტურიც და მწუხარებაც ერთიანი თავის დახრით გამოხატეს. ქალბატონი სახეშესივებულ ახალგაზრდასთან მივიდა. მისთვის ზეწარი აღარ გადაუხდია. ერთი ხელი თავზე დაადო, მეორე კი მხარზე მოუსვა. მისი ცრემლები, რომელიც, ალბათ, არასოდეს არავის უნახავს და გიგას გარდა, ახლაც ვერ ხედავდა ვერავინ, ზეწარგადაფარებულ ლუკას ეპკურებოდა სახეზე.
ავტორის იუთუბარხის სანახავად დააჭირეთ აქ