ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა უნდა გაფართოვდეს, გაერომ რეზოლუცია დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, ანკლავში შესაძლებელი უნდა გახდეს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი და სწრაფი მიწოდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც წინა რეზოლუციის პროექტებს ვეტო დაადო, ახლა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა ტომას გრინფილდი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებმა იმედის ნაპერწკალი გააჩინა.
“ამ მოლაპარაკებებს ბევრი დღე და ღამე დასჭირდა, თუმცა დღეს საბჭომ იმედის ნაპერწკალი გააჩინა. ამასთან, ღრმად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ საბჭომ ვერ შეძლო “ჰამასის” ამ საშინელი ტერორისტული თავდასხმის დაგმობა. მე არ მესმის რატომ დგას საბჭოს ზოგიერთი წევრი ამის წინააღმდეგ. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ რეზოლუცია მხარს არ უჭერს არანაირ ნაბიჯს, რომელიც “ჰამასს” ძალაუფლებას შეუნარჩუნებდა. ასეთი პერსპექტივა ცალსახად გამოუთრხის ძირს სამომავლოდ ამ პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტას,” – აცხადებს გრინფილდი.
გაეროში რუსეთის ელჩის ვასილი ნებენზიას განცხადებით კი, აშშ-მა თავისი სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა.
“აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოავლინა მისი ნამდვილ სახე მთელი მსოფლიოს დასანახად, როდესაც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ საბჭოს ნაწილის უსუსტესი მოწოდებაც კი დაბლოკა. ამის ნაცვლად, ვაშინგტონმა ითამაშა საიდუმლო თამაში, რათა რეზოლუციაში ისრაელისთვის პალესტინელების ხოცვის ნებართვა ჩაეწერათ, ტექსტით: “შეიქმნას პირობები საომარი მოქმედებების შესაწყვეტად,” – აცხადებს ნებენზია.
– გაეროში ისრაელის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ჯონათან მილერის განცხადებით კი, “ჰამასი” გენოციდურ-ტერორისტული ორგანიზაციაა და საფრთხის შემცველია ღაზისთვისაც.
“77 დღის წინ “ჰამასმა” მიზანმიმართულად მოკლა 1300 ისრაელელი და 250 ტყვედ აიყვანა. ამ საბჭომ კი ამ დრომდე ვერ შეძლო დაეგმო “ჰამასი” და მისი სიმხეცე.
“ჰამასი” გენოციდური ტერორისტული ორგანიზაციაა, ის საფრთხეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ღაზასთვის და მთელი რეგიონისთვის. ამ საბჭომ ჯერ უნდა დაასათაუროს “ჰამასის” ტერორისტული რეჟიმი და შემდეგ იმუშაობს მისგან მომდინარე საფრთხის შემცირებაზე. აქვე ვიტყვი, რომ ისრაელი უკვე აწვდის ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას ასობით სატვირთო მანქანით ყოველდღიურად,” – აცხადებს მილერი.