აქტიურ ფაზაშია ისრაელ-ჰამასის ომი. საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მთავარი განხილვის თემაა. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა. ეს მაშინ, როცა გაეროს წევრი ქვეყნები ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, თუმცა მოწოდებაზე უარია. ამ პოზიციას იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. მაგრამ, თეთრი სახლი მწვანე შუქს უნთებს ჰუმანიტარულ პაუზას.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აუცილებელია.
“ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში ერთმნიშვნელოვნად ვეწინააღმდეგებით, მარტივი მიზეზის გამო. ახლა ომის დასრულება ხელსაყრელი მხოლოდ ჰამასისთვის არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ და აუცილებლად მიგვაჩნია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მძევლების გათავისუფლება ღაზაში. თუმცა არანაირად არ ვფიქრობ, რომ ჰამასის ინტერესები უნდა დავაკმაყოფილოთ. 7 ოქტომბრამდე ახლო აღმოსავლეთში იყო მშვიდობა და ჰამასმა აირჩია ომი,” – აცხადებს კირბი.
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ომის დასრულების ერთადერთი გზა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაა.
“ღაზის სექტორში ომის დასრულების ერთადერთი გზა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაა და ეს გამოსავალი სულაც არ მიმაჩნია შეუძლებლად. გაეროს წევრ ქვეყნებს შორისაც არიან ისეთები, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი სამხედრო ძალა, მაგრამ ახერხებენ თანაარსებობას მილიტარისტული სახელმწიფოების გვერდით. ასე, რომ, ვფიქრობ, ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია,” – აღნიშნა ბაიდენმა.