ღაზის ადმინისტრაცია ისრაელს საავადმყოფოს დაბომბვაში ადანაშაულებს

ისრაელის არმიამ ავიაიერიში მიიტანა ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში მდებარე საავადმყოფოზე, რომელიც ევროპული ჰოსპიტლის სახელითაა ცნობილი.
პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, 28 ადამიანი და ათეულობით დაიჭრა. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, 13 მაისს ს ავიაციამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე ექვსი ბომბი ჩამოაგდო.
ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებით, სამიზნე იყო „ჰამასის ტერორისტების სამეთაურო ცენტრი“, რომელიც საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობდა. თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად, ავიადარტყმა მიმართული იყო კონკრეტულად ჰამასის ლიდერის, მოჰამად სინვარის წინააღმდეგ. შედეგების შესახებ ისრაელის არმია ჯერჯერობით არაფერს იუწყება.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს არ მისცემს საავადმყოფოების და ჰუმანიტარული ობიექტების თავშესაფრებად და შტაბ-ბინებად გამოყენების უფლებას. კაცის თქმით, ჰამასისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას განაგრძობენ, სანამ მიღწეული არ იქნება ომის მიზნები – ყველა მძევლის გათავისუფლება და ჰამასის კაპიტულაცია.
ავიადარტყმის დროს ევროპულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა პალესტინელი ქირურგი ტომ პოტოკარი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია Ideals International-ში მუშაობს. მან BBC-ს უამბო, რომ ექვსი ძლიერი აფეთქება მოხდა, დაბომბვას კი წინ არანაირი გაფრთხილება არ უძღოდა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ამას მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი. მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია და ღაზის სექტორის ბლოკადა განაახლა.
არსებული მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 60-მდე ადამიანი, რომელთაგან, სავარაუდოდ, ცოცხალია 24. გრძელდება საერთაშორისო ძალისხმევა მძევლების გათავისუფლებისა და მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
პალესტინური მხარის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისის პირველ ნახევრამდე ღაზის სექტორში დაიღუპა 53 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი