30 აგვისტოს, საღამოს, ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ცნობა სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ, რომლითაც მათ ღაზის სექტორში იერიში მიიტანეს აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელზე.
ოფიციალურ ცნობაში არ დასახელებულა სამიზნე პირის ვინაობა და არც ისაა ნათქვამი, მოკვდა თუ არა ის იერიშის შედეგად.
ისრაელის ცნობით, ოპერაციას წინ უძღოდა მზადება, რათა იერიშის ფონზე, შემცირებულიყო მშვიდობიან მოსახლეობაზე ზემოქმედების რისკი.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებსაც მონიტორინგის არხები აქვეყნებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ ვიდეოებზე დარტყმის შედეგებია ასახული.
ისრაელის მედია, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სამიზნე იყო აბუ ობაიდა – „იზზ ად-დინ ალ-ქასამის დაჯგუფებების“ პრეს-სპიკერი, რომელიც ჰამასის სამხედრო ფრთას წარმოადგენს.
გავრცელებული ცნობებით, ისრაელის სამხედროები „ოპტიმისტურად არიან განწყობილნი“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, სავარაუდოდ, აბუ ობაიდა ლიკვიდირებულია. ეს ინფორმაცია, ამ დროისთვის, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
აბუ ობაიდა, ჰამასის სამხედრო ფრთის სახელით 2007 წლიდან აკეთებს განცხადებებს, მას სახე ყოველთვის დაფარული აქვს და ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა ორგანიზაციაში.
ჰამასს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ისრაელის სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ღაზაში უკვე გაანადგურეს ჰამასის არაერთი ლიდერი, მათ შორის ორგანიზაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელებიც.
