ღაზაში საომარ ვითარებაში წლის ბოლომდე დაახლოებით 15 000 ბავშვი დაიბადება – Save the Children

„მოსალოდნელია, რომ 7 ოქტომბრიდან 2023 წლის ბოლომდე ღაზაში დაახლოებით 15 000 ბავშვი დაიბადება, ყველა მათგანს სერიოზული საფრთხე ემუქრება „ძალადობისა და ესკალაციის ფონზე“, რასაც სამედიცინო სერვისების გართულებული მიწოდება და საკვების დეფიციტი ახლავს თან“, – ამის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია Save the Children წერს.
ორგანიზაციის პროგნოზი გაეროს უახლეს მონაცემებს ეფუძნება, რომლის შეფასებითაც ალყაში მოქცეულ ანკლავში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ღაზის 36 საავადმყოფოდან 22 ახლა, ფაქტობრივად, უფუნქციოა.
„ბავშვები იბადებიან კოშმარში, ჰუმანიტარულ კატასტროფაში. ორსული ქალები მშობიარობენ სამედიცინო დახმარების გარეშე, ნაადრევად დაბადებული ბავშვები კი ინკუბატორებში იღუპებიან“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პალესტინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ს მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული თავდასხმების დროს სულ მცირე 11 320 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 7 800 ქალი და ბავშვია, ხოლო 29 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ათასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, მეჩეთები და ეკლესიები, დაზიანდა ან განადგურდა.
ისრაელის მხარეს დაღუპულთა რიცხვი კი, ოფიციალური მონაცემებით, 1200-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ