ღაზაში საავადმყოფოში მოწყობილ ბანაკზე ისრაელის დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხანძარში ათობით ადამიანი დაშავდა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოს ეზოზე ორშაბათს განხორციელებულ ავიადარტყმას მინიმუმ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და გამოიწვია ხანძარი, რომელიც მოედო ომში ადგილნაცვალ პირთა კარვების ბანაკს, იტყობინება Associated Press-ი. პალესტინელ მედიკოსთა თქმით, ორ ათეულზე მეტმა ადამიანმა სერიოზული დამწვრობა მიიღო.
სააგენტოს თანახმად, ს სამხედროებმა მტკიცებულებების დასახელების გარეშე განაცხადეს, რომ მათი სამიზნე იყო შეიარაღებული მოიერიშეები, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეთა შორის იმალებოდნენ. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ისრაელის ჯარებმა არაერთხელ განახორციელეს იერიშები ხალხმრავალ თავშესაფრებსა და კარვების ბანაკებზე. მათი თქმით, ჰამასის მებრძოლები მათ თავიანთი იერიშების პლაცდარმებად იყენებდნენ (პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასი -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული).
როგოც AP აღნიშნავს, „ალ-აქსას მარტვილთა საავადმყოფოს“, რომელიც ქალაქ დეირ-ალ-ბალაჰში მდებარეობს, უკვე უჭირდა გამკლავებოდა დიდი რაოდენობით პაციენტთა მკურნალობას, რომლებიც ისრაელის არმიის მიერ ადრე განხორციელებული იერიშის დროს დაიჭრნენ. ამ იერიშისას მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა.
ორშაბათის იერიშისა და ხანძრის შედეგად ცეცხლი მოედო კარვებს. Associated Press-ის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.
ისრაელი თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს ღაზის სექტორში და მსხვილ სახმელეთო იერიშებს აწარმოებს სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც, მისი თქმით, გადაჯგუფდნენ პალესტინელთა გასამხედროებული დაჯგუფების წევრები.
ღაზაში ომი 2023 შემოდგომაზე დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასი 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელის სამხრეთ ნაწილს. თავდამსხმელებმა მოკლეს 1200-მდე ადამიანი, დაახლოებით 250 ღაზაში წაიყვანეს მძევლად. 100-მდე მათგანი ჯერ კიდევ ტყვეობაშია.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა 42 ათასზე მეტი პალესტინელი. იტყობინებიან, რომ ქალები და ბავშვები მათ ნახევარზე მეტს შეადგენენ. ომის შედეგად ადგილნაცვალ პირებად იქცა ღაზის 2,3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 90%.
ისრაელის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ორშაბათს საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, ხელი შეუშალოს ისრაელის მთავრობას გეგმის განხორციელებაში, რომელიც ყოფილმა გენერლებმა შეიმუშავეს და რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სექტორში დარჩენილ სამოქალაქო პირთა იძულებას, დატოვონ რეგიონი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მებრძოლთა სტატუსს მიანიჭებენ. ისრაელის უფლებადამცველთა თანახმად, არის იმის „საგანგაშო ნიშნები“, რომ ისრაელი ამ გეგმის განხორციელებას იწყებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ არ მიუღია ასეთი ბრძანება.
(Associated Press-ის მიხედვით)

ასევე დაგაინტერესებთ