ღაზის სექტორში ომის მიუხედავად, ბეთლემში მცირე საშობაო მსვლელობა მაინც ჩატარდა. ეკლესიის ლიდერების გადაწყვეტილებით, წლევანდელი მსვლელობა იერუსალიმიდან ბეთლემისკენ მნიშვნელოვნად მცირე მასშტაბის იყო, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა და პროცესიამ სადღესასწაულო აღნიშვნის და დეკორაციების გარეშე ჩაიარა. მსვლელობა იერუსალიმის ძველი ქალაქის ჯაფას ჭიშკრიდან დაიწყო. შუა ღამეს მესა ბეთლების მაცხოვრის შობის ისტორიულ ტაძარში ტარდება, რომელიც, ქრისტიანული ტრადიციით, იესო ქრისტეს დაბადების ადგილად ითვლება.
“ამ წელს [მსვლელობას ჩავატარებთ] საშობაო ნაძვის ხის და განათებების გარეშე, აქ მხოლოდ სიბნელეა” – თქვა ვიეტნამელმა ფრანცისკანელმა ბერმა ჯონ ვინმა.
მსვლელობას დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ბეთლემისკენ იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა უძღვებოდა. მას რამდენიმე ფრანცისკანელი ბერი და მრევლი მიჰყვებოდა. პიერბატისტა პიცაბალა კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენელია ისრაელში, იორდანიაში, პალესტინურ ტერიტორიებზე და კვიპროსზე.
ყოველწლიურად შობის პერიოდში ბეთლებს ათობით ათასი ქრისტიანი პილიგრიმი სტუმრობს, თუმცა წელს, ჰამას-ისრაელის ომის გამო ბეთლემში ძალიან ცოტა მომლოცველი ჩავიდა. დასავლეთ სანაპიროს ეკონომიკის 70%-ს ტურიზმი ქმნის, რომელიც სეზონურია და საშობაო პილიგრიმობაზეა დამოკიდებული. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ომის და შემცირებული ტურისტული ნაკადის გამო, დასავლეთ სანაპიროზე 70 სასტუმრო დაიხურა.