ისრაელის სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ ღაზაში დაიღუპა არაბულენოვანი ტელეკომპანიის, „ალ-ჯაზირას“(შტაბ-ბინა დოჰაში) 5 თანამშრომელი, მათ შორის 28 წლის ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი.
ამის შესახებ ტელეკომპანიამ 10 აგვისტოს, ღამით განაცხადა. „ალ-ჯაზირას“ თანახმად, ანას ალ-შარიფთან ერთად მოკლულია კიდევ ერთი ჟურნალისტი და სამი ოპერატორი, რომლებიც საავადმყოფო „ალ-შიფასთან“ კარავში იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანიის განცხადებით, მისი თანამშრომლები 10 აგვისტოს, საღამოს დაიღუპნენ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ანას ალ-შარიფმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ისრაელის არმია ინტენსიურად ბომბავს ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს და სარაკეტო შეტევის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
ისრაელის თავდაცვის არმიამ ანას ალ-შარიფის სიკვდილი დაადასტურა და განაცხადა, რომ სინამდვილეში ის იყო „ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წევრი“ და ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ქალაქ ჯაბალიაში.
ისრაელის არმიის თანახმად, დოკუმენტებით დადასტურებულია ტელეკომპანია „ალ-ჯაზირაში“ ჰამასის „ტერორისტების ინტეგრაცია“.
ისრაელის პარლამენტმა 2024 წლის აპრილში მიიღო „ალ-ჯაზირას“ ამკრძალავი კანონი. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ალ-ჯაზირა“ ისრაელის უსაფრთხოებას ემუქრება.
8 აგვისტოს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა, რომელიც ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.
ისრაელის თანახმად, ამჟამად მისი სამხედროები ღაზის სექტორის 75%-ს აკონტროლებენ.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200 ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას პასუხად მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია და ბლოკადა, რამაც დიდი მსხვერპლი, უმძიმესი ჰუმანიტარული კატასტროფა და შიმშილი გამოიწვია. საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევის მიუხედავად, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ავტონომიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ფორუმი
