ღაზის სექტორში, სადაც ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 241 დაიღუპა და 382 დაშავდა, – ინფორმაციას ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, 11 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, სულ მცირე, 20 915 პალესტინელი დაიღუპა და დაღუპულები, ძირითადად, ბავშვები და ქალები არიან.
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ომს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაული უწოდა. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციების პროექტებზე ვეტოს დადებით, ომის გახანგრძლივებას ცდილობს.
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ომი კიდევ ბევრ თვეს გაგრძელდება. “არავითარი სწრაფი გზა არ არსებობს, როდესაც საქმე ეხება ტერორისტული ორგანიზაციის სრულყოფილად დემონტაჟს, გარდა იმისა, რომ ჯიუტი და მტკიცე იყო ბრძოლაში“, – აღნიშნა ჰერცი ჰალევიმ.