“ღადაობა” ნაცემ ადამიანებზე? – რა “იგრძნო” პრემიერმა და “სტანდარტი”, რომელიც მეტისმეტად “მაღალია”

საქართველოს პრემირმინისტრი, ირაკლი გდდ-ის დირექტორ ხარაზიშვილის ნათქვამს, რომ სია აქვთ იმ მოქალაქეების, რომლებსაც ფიზიკურად უნდა გაუსწორდნენ, ირონიას უწოდებს.
“მე არამგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება. ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი და რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება. არ ვიცი, ამაზე მე კომენტარს ვერ გაკეთებ. ფაქტია, რომ ეს იყო ირონიული განცხადება, რომელიც იყო მიმართული ისეთი ადამიანისკენ, რომელიც ირონიას იმსახურებს. რაც შეეხება ინციდენტებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი და შესაბამისად ვერანაირად ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს, რომლებიც იყო მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში მთელი ამ აქციების განმავლობაში მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით”.
პრემიერი საკუთარ კომენტარში, ჯერ ამბობს, რომ არ ჰგონია ეს იყოს აღიარება, მერე კი იქვე ამბობს, რომ ფაქტია, რომ ეს არ იყო აღიარება, საბოლოო ჯამში, უცნობია, არ ჰგონია, თუ ზუსტად იცის, დაიწყო გამოძიება, თუ იგრძნეს რომ “იხუმრა”, ან რატომ არავინ დააკავა მთავრობამ ამდენი ინციდენტის შემდეგაც კი, თუ მწვანე შუქი ხელისუფლებისგან არ არის ადამიანების ცემასა და შანტაჟზე ანთებული? და ცხადია, ასევე, არავინ ამბობს, როგორ შეიძლება, მაღალჩინოსანმა, რომელიც ძალადობის აღკვეთაზეა პასუხისმგებელი “იღადაოს” ადამიანების ცემაზე.
პრემიერი ამბობს, რომ შსს მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ეს ძალიან ჰგავს ქართული ოცნების მიერ დანახულ ეკონომიკას, რომელიც ისე “დუღს”, რომ შეიძლება აორთქლდეს, ან ჩაიწვას,..
იმ შემთხვევისთვის, თუ პრემიერმა არ იცის, სიტყვა ირონიის მნიშვნელობა: ირონია – თავაზიანობით შენიღბული დაცინვა.

ასევე დაგაინტერესებთ