“ქურთისტანის მუშათა პარტიამ” (PKK) 9 მაისს განაცხადა, რომ კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო. თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ, შეეხება ნიშნავს თუ არა ეს ამ დაჯგუფების დაშლას ან განიარაღებას. ამის შესახებ ცნობებს Associated Press ავრცელებს.
“ქურთისტანის მუშათა პარტია”, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში, 1984 წლიდან აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებს თურქეთის წინააღმდეგ, რათა მიაღწიოს ავტონომიის შექმნას თურქეთში მცხოვრები ქურთებისთვის.
27 თებერვალს თურქეთის ციხეში მყოფმა ქურთების პარტიის ლიდერმა აბდულა ოჯალანმა, თავის მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. 1 მარტს კი PKK-მ გამოაცხადა თურქეთის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
აკრძალულ ჯგუფთან დაახლოებული მედია ორგანიზაციის, Firat News Agency-ის, ცნობით, PKK-ს შეკრება 5-7 მაისს, ჩრდილოეთ ერაყში, ორ ადგილას ჩატარდა.
“ქურთისტანის მუშათა პარტიამ” განაცხადა, რომ მათ მიერ მიღებულ ისტორიული გადაწყვეტილებებს საზოგადოებას მალე გააცნობს.
PKK 1984 წლიდან იბრძვის თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ანკარის, ასევე მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული.
თურქეთში ქურთთა ამბოხებას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში მცხოვრები ქურთების რაოდენობა 15 მილიონამდეა.
აბდულა ოჯალანი, PKK-ს დამაარსებელი, 1999 წლიდან იმყოფება მარმარილოს ზღვაში, კუნძულ იმრელიზე მდებარე საპატიმროში.
ფორუმი