ქურდოვანიძე: 5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და არაკონსტიტუციურია

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ დაწესებულ მასობრივ ჯარიმებზე წერს. მისი შეფასებით, 5000-ლარიანი ჯარიმების დაკისრება იმ მოტივით, რომ გზის გადაკეტვა ხალხის არასაკმარისი რაოდენობის გამო უკანონოდ ჩაითვალა, კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს.
5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია.
ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება.
თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველ დღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს”, – წერს ფეისბუქზე ნონა ქურდოვანიძე.