საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, არჩევნების დღეს ფარულობის პრობლემასთან დაკავშირებულ დავაზე ადგილობრივი სასამართლოს იმედი არ აქვს. თუმცა, როგორც მან გადაცემა სანაიას ეთერში თქვა, აღნიშნულ დავაში მტკიცებულებები ზედაპირზე დევს, რისი მოწმეც თვითონ ამომრჩეველი გახდა.
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განიხილავდნენ. ქურდოვანიძის თქმით, დაკმაყოფილების მოლოდინი არ ჰქონიათ.
“ამის არდანახვა რომელიმე სუბიექტის მიერ, გამორიცხულია. ესაა ფაქტი, რომელსაც გვერდს ვერ აუვა ვერც სასამართლო, ვერც პროკურატურა, ვერც საოლქო საარჩევნო კომისიები. დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები მსჯელობდნენ ამ საკითხზე. ჩვენ მოლოდინი, რომ ისინი დააკმაყოფილებენ [საჩივრებს], რა თქმა უნდა, არ გვქონდა. ამ დავას ვიწყებთ არა იმიტომ, რომ ოლქის დონეზე ამ საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობის გადაწყვეტას ვხედავთ ან რაღაც აზრს ვხედავთ, რომ ამას ვხედავთ. არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის. ასეთ მასშტაბურ ფარულობის დარღვევას ვუპასუხოთ სამართლებრივი გზებით. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს მანდატშია. ამ საკითხზე საზოგადოება ჩვენს მხარესაა, რადგან ისინი თვითონ არიან ამ პროცესის მოწმენი. არ გვაქვს იმედი, რომ ამ სასამართლოში შევძლებთ სიმართლის დადგენას, მაგრამ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, საერთაშორისო სტანდარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ცალსახაა, რომ ფარულობის პრინციპის გარეშე, არ შეიძლება ვისაუბროთ, რომ არჩევნები შედგა”, – აღნიშნა მან.
არჩევნების დღეს ბიულეტენებისთვის გამოყენებული ქაღალდის ხარისხმა, რამაც ფარულობის დარღვევა გამოიწვია, ბევრი კითხვა გააჩინა. სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბიულეტენის გაფერადების დროს, ქაღალდის უკანა მხრიდან შავი წრე შეიმჩნეოდა. გარდა ამისა, უშუალოდ მანქანაში ბიულეტენის შეცურებისას კი ფარულობა არ იყო დაცული, რადგანაც ჩარჩო კონვერტის მიუხედავად, იმ მომენტში როდესაც მანქანა ბიულეტენს იღებდა, ბიულეტენის ნაწილი მაინც ხილვადი იყო და უკანა მხარეს გაფერადებული წრე ჩანდა.
30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-ს 17 სექტემბერს მიმართეს წერილით, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე მიუთითეს და თქვეს, რომ უნდა მიღებულიყო ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. პასუხად ცესკო-ში უთხრეს, რომ სასწავლო ეტაპზე სატესტო ვერსიის ბიულეტენს იყენებდნენ, არჩევნების დღეს კი ფარულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.
“ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ეს არღვევდა ფარულობას მასშტაბურად და შესაბამისად ამომრჩეველს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ფარულად დაეფიქსირებინა” – აცხადებენ საია-ში.
ცესკო ირწმუნება, რომ ქაღალდი, რომელზეც მოქალაქეები საკუთარ არჩევანს აფერადებდნენ, უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო.