ქურდოვანიძე: გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ ბიულეტენზე ჩანდა შავი წრე, თუმცა არ აღიარებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო სხდომაზე ხმის ფარულობის დარღვევაზე ექსპერიმენტის ჩატარებისას დაინახა, რომ ფურცლის უკანა მხარეს შავი წრე გამოჩნდა, თუმცა მისი თქმით, მოსამართლე ამას არ აღიარებს.
“სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.
ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე Facebook-ზე.
ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) თავმჯდომარე ეკა გიგაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ ექსპერიმენტის ჩატარებისას დიმიტრი გვრიტიშვილის ფურცლის უკანა მხარეს შავი წერტილი გამოჩნდა.