ქურდობა, ხულიგნობა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა – გვანცა ჟორჟოლიანი განმარტავს ვინ თავისუფლდება ამნისტიის ახალი კანონპროექტით

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი აცხადებს, კანონპროექტის დაახლოებით 5000-5500 მსჯავრდადებული შეიძლება გათავისუფლდება, ან შეუმსუბუქდება მსჯავრი. ამას გარდა 7000 ბენეფიციარს, რომელიც პირობით იხდის სასჯელს, 1 წელი მოაკლდება.
„ძნელია ზუსტი ციფრი თქვა, ვინ გათავისუფლდება და ვის შეუმსუბუქდება მსჯავრი, მაგრამ ჩემი გათვლებით ეს იქნება 5000-5500 პატიმარი, რომელიც მოჰყვება ამ ამნისტიის კანონში“, – აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.
ვის ეხება ამნისტიის კანონპროექტი?
ყველაზე დიდი ინტერესის საგანს ის წარმოადგენს, ვის შეეხება ახალი ამნისტიის კანონი მიღების შემთხვევაში.
როგორც გვანცა ჟორჟოლიანი აცხადებს სრულად პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან მსჯავრდადებულები, რომელიც იხდის სასჯელს ქურდობისთვის, დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღებისთვის, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისთვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ხულიგნობისთვის და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვისთვის, კანაფის მოხმარება-რეალიზაციისთვის და ა.შ.
„სრულად პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან მსჯავრდადებულები, რომლებიც პატიმრობაში არიან ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის (122-ე მუხლი). უნდა აღვნიშნო, რომ რომელ მუხლებზეც ჩვენ ვსაუბრებთ, პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულებს ეხება. რაც უფრო მძიმეა კატეგორიები, ამნისტია არ ითვალისწინებს პატიმრის გათავისუფლებას, მაგრამ უმცირებს პატიმრობას ½-ით, ან ¼-ით, ან 1/6-ით.
სრულად გათავისუფლდება პატიმარი, რომელიც იხდის სასჯელს ქურდობისთვის, დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღებისთვის, ფალსიფიკაცია – ყალბი დოკუმენტების, ან გარკვეული ნივთების დამზადებისთვის, პროფესიული შეჯიბრების ან კონკურსის მოსყიდვისთვის, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისთვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, თუ ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ხულიგნობისათვის და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვისთვის. მაგრამ კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არ ეხება ნარკორეალიზატორებს და ნარკოტიკული საშუალებების მწარმოებლებს (იგივეა ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა გადაზიდვაზე, მაგრამ კანონი არ შეეხება მათ მწარმოებლებს). სრულად გათავისუფლდება ასევე პატიმარი, თუ ის სასჯელს იხდის ავარიის დროს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაზარალებულის თანხმობა. ასევე კანაფის მოხმარება-რეალიზაციაზე პატიმრობაში მყოფი პატიმრებიც სრულად გათავისუფლდებიან პატიმრობისგან.
პირობით სასჯელს 7000 ბენეფიციარი იხდის. ძნელია ზუსტი ციფრი თქვა, ვინ გათავისუფლდება და ვის შეუმსუბუქდება მსჯავრი, მაგრამ ჩემი გათვლებით ეს იქნება 5000-5500 პატიმარი, რომელიც მოჰყვება ამ ამნისტიის კანონში“, – აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.
იურისტის თქმით, პირველი შემთხვევაა, როცა ამნისტიით მსჯავრმდებლებს 1/6-ით უმსუბუქდებათ მსჯავრი და ასევე პირობით მსჯავრდადებულებს 1 წელი აკლდებათ. ამას გვანცა ჟორჟოლიანი იმით ხსნის, რომ ეს ახალი ამნისტია ფართო მასშტაბზეა გათვლილი.
„კანონპროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს – პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას, მსჯავრის ½-ით, ¼-ით და 1/6-ით შემცირება. მსჯავრის 1/6-ით შემცირება ჯერ არ ყოფილა და ეს იმიტომ ხდება, რომ ფართო მასშტაბზე გათვლილი აღნიშნული კანონპროექტი. პირველად არის შემთხვევა, როცა ამნისტიით 1 წელი დააკლდებათ ყველა პირობით მსჯავრდადებულებს. ეს ეხება მათ, ვინც არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მის გარეთაა, მაგრამ პირობით იხდის სასჯელს. დაახლოებით 7000 ასეთ ბენეფიციარს შეეხება აღნიშნული კანონპროექტი“, – ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.
ვის არ ეხება ამნისტიის კანონპროექტი?
გვანცა ჟორჟოლიანის განმარტებით, ამნისტიის კანონპროექტი არ ეხება იმ მსჯავრდადებულებსა და პატიმრებს, რომლებიც სასჯელს ნებისმიერი განზრახ და გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის იხდიან; ასევე – ნარკორეალიზატორებს; სქესობრივი დანაშაულის ჩამდენებს; მათ ვინც სასჯელს იხდიან ყაჩაღობის; ტერორიზმის; ტრეფიკინგის და სხვა ისეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, რომლებიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.