გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით შექმნილი მუნიციპალური სერვისის „60+ კლუბის“ წევრებმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში დადგმულ სპექტაკლში – „შიში N1“, მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპექტაკლი ქუთაისელმა რეჟისორმა ზეკო ხაჩიძემ დადგა ედუარდო დე ფილიპოს კომედიის მიხედვით და მასზე „60+ კლუბის“ წევრებმა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად იმუშავეს.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
კლუბის წევრობა 60 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც სურს, შეიძინოს ახალი მეგობრები, თანამოაზრეები, ჰქონდეს უფრო საინტერესო და დატვირთული ცხოვრება, სხვებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და პირიქით, მეტი შეიტყოს სხვა ადამიანების შესახებ.
დღეს ხანდაზმულობა ნიშნავს იმას, რომ ქალებსა და კაცებს, 60 წლის შემდეგაც აქვთ უნარი, დარჩნენ აქტიურად ჩართულები საკუთარ სამუშაო გარემოში, ოჯახსა და თემში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში გახსნილი მუნიციპალური სერვისი „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომლის კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და დარჩეს საზოგადოების აქტიურ წევრად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
