ქუთაისში, წელს ჩინური ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ამბობს, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება.
ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება, სავარაუდო ადგილი კი ქუთაისია.
მისი განმარტებით, ჩინური კომპანიები ფიქრობენ, რომ საქართველოში ინვესტირება უსაფრთხო და მოგებიანია.
„ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება, ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. ჩინური კომპანიების კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს. „ჰუალინგთან“ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. წესით, წელს უკვე უნდა იყოს“,- თქვა ელჩმა.
მან ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“თავადაც ხედავთ, რომ უამრავია პროექტია განხორციელებული საქართველოში ჩინური კომპანიების მიერ. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა ჩინეთისთვის. სი ძინპინმაც ახსენა, რომ შუა დერეფანი და „ერთი სარტყელი-ერთი გზა“ აუცილებლად ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და უფრო მეტ სარგებელს მოიტანს ჩვენი ქვეყნებისთვის“,- თქვა ჭოუ ციენმა.