ქუთაისში ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი მ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მიმართეს და ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
“დარწმუნებული ვარ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმოკლეს დროში გახდება მთავარი მიზიდულობის ცენტრი ქუთაისის, იმერეთის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, ვინაიდან ეს ადგილი ერთ სივრცეში აერთიანებს ულტრათანამედროვე და შემეცნებით-ტექნოლოგიურ მუზეუმს, თანამედროვე წამყვან ტექნოლოგიურ და კრეატიულ პროფესიებში მოსამზადებელ ცენტრებს, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების შესაქმნელად იდეალურ სამუშაო სივრცეებსა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას. აღნიშნული ჰაბი იზრუნებს, ჩვენი მოქალაქეები დაინტერესდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით, დაეუფლონ წამყვან და მოთხოვნად პროფესიებს და აღნიშნულ ჰაბშივე დასაქმდნენ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში”, – განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ