ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რისთვისაც მთავრობა დამატებით 12 მლნ ლარს დახარჯავს

მთავრობამ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას ფუნქცია მოუძებნა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა დაავალა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა.
სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონელი, მომსახურება და სამუშაოები 2024 -2025 წლების განმავლობაში უნდა შეიძინოს, რისთვისაც 2024 წელს ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი უნდა მოიძიოს.
2025 წელს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა 2025 წლის ბიუჯეტში ჰაბის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში 9 მლნ ლარი უნდა გაითვალისწინონ. შესაბამისად, მთავრობა პარლამენტის ყოფილ შენობაში ჯამურად 12 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სისტემაში შემავალ სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ქალაქ ქუთაისში მდებარე ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის“, – წერია ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
ცნობისთვის, ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2018 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პარლამენტის მუშაობა ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოიტანა. 6 წლის განმავლობაში აქტივის შენახვა ბიუჯეტს და შესაბამისად გადასახადის გადამხდელებს მინიმუმ 5 მლნ ლარი გვიჯდება. ქონება ამჟამად სახელმწიფო შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ბალანსზეა, მათი ინფორმაციით, 2020-2021 წლებში ქონების მოვლა-პატრონის ხარჯი 1.7 მლნ ლარს აჭარბებდა, რაც საშუალოდ წლიურად 850 ათასი ლარია, შესაბამისად 2019 წლის შემდეგ ბიუჯეტს 6 წლის განმავლობაში „უსარგებლო შენობის“ შენახვა მინიმუმ 5 მლნ ლარი დაუჯდა. ამ თანხაში შედის გაზის, ელექტროენერგიის, დაცვის და სხვა ხარჯები.

ასევე დაგაინტერესებთ