ქუთაისში ნარკომომხმარებელთა იძულებითი მკურნალობის ცენტრის ფანჯრებზე გისოსებისთვის 68 845 ლარი დაიხარჯება

მოკლედ
· სახელმწიფო მას შემდეგ, რაც ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღო, ცდილობს სამედიცინო ცენტრებში ამ მკურნალობის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
· ჯერჯერობით მხოლოდ თბილისშია ყოფილი რესპუბლიკურის ტერიტორიაზე 22 პაციენტზე გათვლილი ასეთი ცენტრი მოწყობილი – დასავლეთ საქართველოში იძულებითი მკურნალობის დაწესებულებას 160 პაციენტისთვის ახლა აკეთებენ.
· ქუთაისში, ნარკოდამოკიდებულებს ტუბერკულოზისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ყოფილ შენობაში უმკურნალებენ – შენობის მოწყობა ფანჯრების გისოსებით აღჭურვით იწყება.
· ფასადზე გისოსების მონტაჟში 68 845 ლარი დაიხარჯება.
გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობისთვის 200-250 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება სჭირდება.
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩა #20-ში ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობის დაწესებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აწყობს.
ეს ორგანიზაცია გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში წერს, რომ პაციენტების მკურნალობის პროცესი უკვე დაწყებულია.
“უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სავალდებულო მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების ნაკადის ზრდა, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით კომისიაში იძულებით მკურნალობის საკითხი უკვე განიხილება იმაზე მეტი პირის მიმართ, ვიდრე არსებული რესურსი იძლევა მათი შემდგომი განთავსების საშუალებას. მკურნალობის პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის კი საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა და დაწესებულების დაკომპლექტება სათანადო უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალით”, – წერს ცენტრი და ითხოვს ნებართვას კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკაში სადამსჯელო ზომები 2025 წლის გაზაფხულზე გაამკაცრა. ამავე დროს მიიღეს გადაწყვეტილება, ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა იძულებითი მკურნალობის შესახებ. მკურნალობა განიხილება, როგორც სასჯელი სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის. გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს.
www.radiotavisupleba.ge